Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავთო წერეთელმა სამკურნალოდ ქვეყნიდან გასვლის ნებართვით პროკურატურას მიმართა


ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა პროკურატურას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, ქვეყნიდან გასვლის ნებართვის თხოვნით მიმართა.

ავთანდილ წერეთლის ადვოკატის კახა წერეთლის ინფორმაციით, განცხადება მან პროკურატურაში დღეს შეიტანა.

ადვოკატის ცნობით, ავთანდილ წერეთელი უცხოეთში მკურნალობას გეგმავს, ქვეყნის დასატოვებლად კი ნებართვა სჭირდება.

„მივმართეთ პროკურატურას. მოვითხოვეთ ნებართვა, რომ ავთანდილ წერეთელმა დატოვოს ქვეყანა 19 იანვრიდან - 30 იანვრის ჩათვლით. განცხადებას თან დავურთეთ სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი დოკუმენტები და ავიაბილეთები. გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება 2 დღეში იქნება ცნობილი“, - განაცხადა ადვოკატმა.

გასული წლის 22 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას. ავთო წერეთელს 500-ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

XS
SM
MD
LG