Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს თურქეთის ნაბიჯებს ლიბიაში


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ ევროპამ, თუკი ლიბიაში კონფლიქტის დასრულება სურს, მხარი უნდა დაუჭიროს თურქეთის ნაბიჯებს, რომელიც ლიბიაში სამხედრო ძალით ეხმარება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ მთავრობას.

ერდოანი ამ განცხადებით შაბათს გამოვიდა, ინტერნეტგამოცემა Politico-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, კვირას ბერლინში დანიშნულ სამიტამდე, სადაც ლიბიის სტაბილიზაციის გზები უნდა განიხილონ.

სამიტზე გერმანია და გაერო შეეცდებიან, დედაქალაქ ტრიპოლისთვის მებრძოლ, ლიბიის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიაღწიონ ზავს და სადამკვირვებლო მექანიზმის შექმნას. ეს იქნება პირველი ნაბიჯები მშვიდობისკენ, - ამბობენ დიპლომატები და ვკითხულობთ სამიტის განცხადების პროექტში.

თურქეთი მხარს უჭერს ტრიპოლიში ფაეზ ალ-სარაჯის მთავრობას და აცხადებს, რომ ხალიფა ჰაფტარი, რომელიც აღმოსავლურ ლიბიის ეროვნულ არმიას ხელმძღვანელობს, გადატრიალებას გეგმავს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა ნაკლებადაა დაინტერესებული ლიბიისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში, მკაფიო არჩევანია თანამშრომლობა თურქეთთან, რომელიც უკვე გამოვიდა სამხედრო დახმარების დაპირებით“, - წერს ერდოანი.

„ჩვენ გავწვრთნით ლიბიის უსაფრთხოების ძალებს და მათ დავეხმარებით ტერორიზმთან, ადამიანებით ტრეფიკინგსა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სერიოზულ სხვა წინაღობებთან ბრძოლაში“, - დასძენს ერდოანი.

კვირის სამიტის მონაწილეები შეეცდებიან, ჰაფტარი და მისი ძალები დაიყოლიონ შეწყვიტონ ცხრა თვის განმავლობაში წარმოებული შეტევა ტრიპოლიზე. როგორც იუწყებიან, სამიტზე არ იქნება ლაპარაკი ორ მხარეს შორის ძალაუფლების განაწილების შესახებ შეთანხმებაზე.

ბერლინში ელიან როგორც ჰაფტარს, ისე სარაჯს, ისევე, როგორც ერდოანს და რუსეთის, ეგვიპტის, დასავლეთის და არაბული ქვეყნების ლიდერებს.

ლიბიაში არეულობა სუფევს 2011 წელს მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG