Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: ევროპის ზეწოლის შემთხვევაში შესაძლოა გადავსინჯოთ თანამშრომლობა IAEA-სთან


ირანის პარლამენტის გავლენიანი სპიკერის მიერ 19 იანვარს გაკეთებული განცხადების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ევროპის ქვეყნები „ნებისმიერი მიზეზით ... უსამართლო“ მიდგომას გამოავლენენ იმ განხილვის მექანიზმის მიმართ, რომელიც საერთაშორისო ბირთვულ ხელშეკრულებაში ამუშავდა 2018 წელს ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ, თეირანი „სერიოზულად გადასინჯავს“ თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA).

„ის, რაც ევროპის სამმა ქვეყანამ გააკეთა ირანის ატომურ საკითხთან მიმართებით.... დასანანია“, - თქვა პარლამენტის სპიკერმა, ალი ლარიჯანიმ, რომელიც უწინ თეირანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბირთვულ მოლაპარაკებებში. მის სიტყვებს სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

გერმანიამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გასულ კვირაში გამოაცხადეს, რომ აამუშავეს განხილვის მექანიზმი ერთიან და ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაში (JCPOA), ანუ ხელშეკრულებაში, რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამა შეზღუდა, საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ, თუ ევროპა, ნებისმიერი მიზეზით, უსამართლოდ გამოიყენებს ატომური ხელშეკრულების 37-ე მუხლს, მაშინ ირანი სერიოზულ გადაწყვეტილებებს მიიღებს ამ სააგენტოსთან თანამშრომლობის შესახებ“, - ლარიჯანის ამ სიტყვებს სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

სამმა ევროპულმა ქვეყანამ, რომლებიც - ჩინეთთან, რუსეთთან, ევროკავშირთან და წარსულში აშშ-სთან ერთად - ირანთან ხელშეკრულების ხელმომწერები არიან, განაცხადა, რომ, მართალია, მექანიზმმა შესაძლოა გამოიწვიოს გაეროს მიერ ირანისთვის სანქციების დაწესება, ისინი არ უერთდებიან აშშ-ის ერთწლიანი, „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს თეირანის ქცევის შეცვლას.

მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებიდან აშშ გავიდა, ირანმა დაარღვია დოკუმენტით გათვალისწინებული მთავარი შეზღუდვები და გადააჭარბა ურანის მარაგის, გამდიდრების დონის და ურანის გასამდიდრებელი ცენტრიფუგების ტიპსა და რაოდენობაზე დადგენილ საზღვრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG