Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენების წერილში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოთხი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმო გამოგზავნილ წერილში არის არაერთი ფაქტობრივი უზუსტობა, რომელთა შესახებაც მმართველი გუნდი მათ ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის.

„ჩვენ გვექნება, ბუნებრივია, სხვადასხვა ფორმებით რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვგულისხმობთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კომუნიკაციას წერილის ავტორებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. ინტერვიუში მან თქვა, რომ წერილში მთლიანობაში 5-6 ფაქტობრივი უზუსტობაა. მათ შორის საპროტესტო აქციების დაშლისას არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ:

“ერთ-ერთი ასეთი უზუსტობა ეხება ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელიც ასოცირებული იყო პროპორციული სისტემის შესახებ კენჭისყრის ჩავარდნასთან, ასეთი რამ წერია წერილში. ანუ, გვეუბნებიან, რომ 14 ნოემბრის შემდეგ ძალადობდა პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. გახსოვთ, რომ 20 ივნისის შემთხვევაში იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და მაშინ იქნა კონკრეტული ზომები მიღებული და არა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ...ზომები იყო მიმართული იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ შეჭრილიყვნენ საქართველოს პარლამენტში.

ძალა იმ ადამიანების წინააღმდეგ იყო გამოყენებული, რომლებიც იჭრებოდნენ საქართველოს პარლამენტის შენობაში.მიზანი იყო პარლამენტში შეჭრა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. იგი არ ეთანხმება ასევე კონგრესმენების მიერ გამოთქმულ კრიტიკას ანაკლიის პორტის პროექტის პოლიტიზირების საკითხზე და ამბობს, რომ საკითხის პოლიტიზირებას პროექტის „ვერგანმახორციელებლები ცდილობენ და არა მთავრობა“.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი" განცხადებები 2012 წელსაც ვრცელდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის სიმართლე იმარჯვებდა.

„თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წლამდეც ახერხებდა "ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერი განცხადებების უზრუნველყოფას თავის სასარგებლოდ და იფუთებოდა ხოლმე ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე გადაცდომები ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ეს იყო სამწუხარო რეალობა. ისინი ფუთავდნენ ადამიანების წამებას, ძალადობას ადამიანების წინააღმდეგ და ა.შ. ანუ თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით და ასეთი ქმედებები და ზოგადად საქმიანობა წინა ხელისუფლების სამწუხაროდ ჰპოვებდა მხარდაჭერას კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. ესენი ამას ახერხებდნენ, თუმცა ეს არის ინდივიდუალური განცხადებები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის"მხარდამჭერთა რაოდენობა რამდენიმე კაცით შემოიფარგლება ევროპარლამენტშიც.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ გაკეთდება ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებებიც, რომლებიც დაფუძნებული იქნება სიმართლეზე და ფაქტების რეალურ ანალიზზე.

აშშ-ის კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა ადამ კინზიგერმა, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეა, 21 ინვარს "ტვიტერით" გაავრცელა ცნობა, რომ მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს წერილი, რომელშიც შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო. ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილის სრული ტექსტი საქართველოს მთავრობამ 22 იანვარს გამოაქვეყნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG