Accessibility links

ვინ გაბედა ილიას „გაზაფხულის“ პაროდირება?


საქართველოში თითქმის ყველამ იცის ზეპირად ილია ჭავჭავაძის ორსტროფიანი ლექსი-შედევრი „გაზაფხული“, რომელიც პოეტმა სტუდენტობისას, „პეტერბურღში“ დაწერა, მაგრამ ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს ამ ლექსის გადაკეთებისა თუ მიბაძვის არც სახუმარო და არც ტრაგიკული ისტორიები.

ცხადია, საუბარია ამ საყოველთაოდ ცნობილ ლექსზე, რომელიც სკოლებშიც ისწავლება:


ტყემ მოისხა ფოთოლი,

აგერ მერცხალიც ჭყივის,

ბაღში ვაზი ობოლი

მეტის ლხენითა სტირის.

აყვავებულა მდელო,

აყვავებულან მთები;

მამულო საყვარელო,

შენ როსღა აყვავდები?


მწერალი გიორგი შატბერაშვილი ერთ-ერთ წერილში იხსენებს ილიას ამ ლექსის „მიბაძვას“ - სახუმარო გასართობს, რომლის ავტორი აკაკი წერეთელია. როგორც ცნობილია, აკაკი ხშირად მიმართავდა , როგორც პირდაპირ, ასევე შენიღბულ სატირას და არაფრად დაგიდევდათ ავტორიტეტებს.

გიორგი შატბერაშვილი: „პავლე ინგოროყვას 1940 წელს გამოცემულ აკაკი წერეთლის თხზულებათა მეორე ტომის ბოლოში დართულ კომენტარებში აღნიშნული აქვს, რომ აკაკის სატირის მსხვერპლნი არა ერთხელ გამხდარან, როგორც მაშინდელი ჩვენი საზოგადო მოღვაწენი, ისე ქართული საზოგადოების აშკარა მტრები. ასე, მაგალითად, ლექსში „პამპულა“ (1894 წ) აკაკი ამათრახებს ცნობილ მწერალს ანტონ ფურცელაძეს, ლექსი „არაკი“ მიმართულია მკაცრი ცენზორის ლუკა ისარლოვის წინააღმდეგ, ხოლო ლექსი „ყიზილბაშური“ ამჟღავნებს ცნობილ შავრაზმელ პოეტს ვ. ველიჩკოს. აკაკი გამკილავი ლექსით თვით ილია ჭავჭავაძესაც კი გაეპაექრა და, უნდა ითქვას, არცთუ მაინცდამაინც სამართლიანად. ამ შემთხვევაში მისი მახვილი ხუმრობის ობიექტი გახდა ილიას მშვენიერი ლექსი „გაზაფხული“, მხოლოდ იმის გამო, რომ „მერცხლის ჭყივილი“ მასაც სხვებივით ეუცნაურა. აი, ის ლექსიც, რომელიც აკაკის 1895 წელს დაუწერია:


ზამთარი რომ წავიდა,

მოვიდა გაზაფხული.

სახლში ჭყივის მერცხალი,

ბაღში კივის ბულბული.

აყვავებულა ვარდი,

ნესვიც დამწიფებულა,

ღობეში - კი მსუნაგი

ღორი გაკვეხებულა!

მებაღე დიდი ჯოხით

ღორზე ამხედრებულა...

გუმარჯოს სამშობლოს,

მტერიც დამარცხებულა!“

ამ „სახუმარო გასართობის“ მსგავსად ილიას „გაზაფხული“ დაედო საფუძვლად კიდევ ერთ მიბაძვას, რომლის ინსპირაციის წყარო ილია ჭავჭავაძის სასტიკი მკვლელობა გამხდარა.

როგორც ჟურნალ „დროშის“ 1978 წლის მე-8 ნომერში ვკითხულობთ (ავტ. შოთა როსტომაშივლი) მკვლელობის დღეებში გავრცელებულა მაშო სარალიძის ამხანაგობის („კალმისათვის“) სტამბაში დაბეჭდილი ღია საფოსტო ბარათი, რომელზეც მამადავითის ფონზე აღბეჭდილია ილია ჭავჭავაძის პორტრეტი (შემკული დაფნის რტოთი), გადაშლილ რველზე დასვენებული კალამი. იქვეა წაქცეული ანთებული ჩირაღდანი, სიმებდაწყვეტილი ჩანგი, მლოვიარე დედა... კმოპოზიციამ აჯამებს ლექსი „შემოდგომა“ დაწერილი ილია ჭავჭავაძის „გაზაფხულის“ საპირისპირო მოტივებზე, რომელიც კარგად გამოხატავს ქართველი ხალხის შეშფოთებას ილია ჭავჭავაძის საზარელი მკვლელობის გამო.


აი, ლექსიც:

ტყესა სცვივა ფოთოლი,

მერცხალი აღარ სჭყივის,

გაშრა ვაზი ობოლი

ლხენით ვეღარა სტირის.

სულ გადამხდარა მდელო,

მთები მობურვილია,

მუმულო, უბედურო,

რად მოჰკალი ილია?


ლექსს ხელს აწერს „ნავი“, რომლის ვინაობის შესახებ არაფერი წერია ალ. მიქაძის ფსევდონიმების ლექსიკონში.

როგორც „დროშის“ ავტორი ამბობს, ეს მღელვარე სტრიქონები ხალხმა აიტაცა და მას მღეროდნენ თურმე ინსტრუმენტის თანხლებით, მღეროდნენ ინსტრუმენტის გარეშეც და ამ სიმღერით მრისხანე პროტესტს გამოთქვამდნენ ხელისუფლებისა და მისი დაქირავებული მკვლელების მიმართ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG