Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძესთან არ შეუშვეს


პარლამენტის დეპუტატს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, თინა ბოკუჩავას პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა. მას დაცვის წარმომადგენლებმა თავმჯდომარის მისაღებში გადაადგილება შეუზღუდეს. თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძეს სათქმელი თანაშემწის საშუალებით გადასცა. თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძისგან ითხოვდა, მალხაზ მაჩალიკაშვილს მისცემოდა პარლამენტში შესვლისა და დეპუტატთან ერთად პრესკონფერენციის გამართვის საშუალება:

„ვახა მაჩალიკაშვილს სურს ბრიფინგის გამართვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან [არჩილ თალაკვაძემ] მიიღოს გადაწყვეტილება, რომ დაუშვას ვახა მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში“, - უთხრა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეს, რომელიც დეპუტატს დაჰპირდა, რომ არჩილ თალაკვაძეს მის დანაბარებს შეხვედრების დასრულების შემდეგ გადასცემდა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან დღეს, 29 იანვარს შეუძლოდ გახდა.

ის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად პარლამენტის შენობაში ბრიფინგის გამართვას აპირებდა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს. საშვი დეპუტატ თინა ბოკუჩავას ჰქონდა დაშვებული.

მალხაზ მაჩალიკაშვილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის მიმართ, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი დასახელდა საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG