Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან ბჟანიას "პრეზიდენტობის" კანდიდატად წარსადგენად საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა


ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად ასლან ბჟანიას წარადგენს. შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე თავად კანდიდატის რეგისტრაცია ათ დღეში უნდა დასრულდეს. აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე არჩევნები 22 მარტსაა დანიშნული.

ასლან ბჟანია 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური ძალების ბლოკის კანდიდატი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯერ მოსკოვის, შემდეგ კი გერმანიის კლინიკაში აღმოჩნდა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ ბჟანია მოწამლეს, რადგან ხაჯიმბას დამარცხების რეალური შანსი ჰქონდა. ასლან ბჟანიას ნაცვლად ოპოზიციამ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად ალხას კვიცინია დაასახელა.

16 იანვარს, ასლან ბჟანიამ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას მოჰყვა ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს - „სახალხო კრებას“ 12 იანვარს მიმართა განცხადებით „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ. დე ფაქტო პარლამენტმა ხაჯიმბას მიმართვა 13 იანვარს დააკმაყოფილა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას.

რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო, და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ.

ამ „არჩევნების“ შედეგების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით დაამარცხა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია, რომელსაც ხმა მისცა 46.19%-მა. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.

ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.

12 იანვრამდე ხაჯიმბა გადადგომაზე უარს ამბობდა და ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. რადიო თავისუფლების პროექტის, Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, სურკოვთან შეხვედრაზე რაულ ხაჯიმბამ უარი თქვა.

XS
SM
MD
LG