Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა


ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასარიდებლად და გავრცელების შემთხვევაში რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ განკარგულება (N164) გამოსცა და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

განკარგულების თანახმად, უწყებებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დაევალათ. უწყებათაშორის კოორდინაციას ჯანდაცვის სამინისტრო გაუწევს.

გეგმის მიხედვით გაწერილ ღონისძიებებში კომპეტენციის ფარგლებში ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა სამთავრობო უწყებები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა:

  • საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რესურსების გამოყოფა სათანადო ასიგნებებიდან, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა:

  • საგანგებო მდგომარეობის დროს, ყველა აღმკვეთი და რეაგირების ღონისძიებების კოორდინირება და სამედიცინო დაწესებულებების დაცვა.
  • პაციენტთა ტრანსპორტირებისას, სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის მოძრაობაში დახმარება.
  • სახელმწიფო წესრიგის და სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების უსაფრთხოების დაცვა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა:

  • კორონავირუსის გავრცელების არეებიდან შემოსული მგზავრებისთვის შემოსვლისას „სამახსოვროს“ დარიგება და სხვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს:

  • ჩინეთის სახლახო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის დროებით აკრძალვას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა:

  • საელჩოების ინფორმირება მათი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობის და საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
  • საქართველო მთავრობის ინფორმირება კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის დადგენის შემთხვევების შესახებ.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებისა და მედიის სწორად ინფორმირების უზრუნველყოფასაც, რისთვისაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთხოვა კორონავირუსის და მისი ზემოქმედების რისკის შემცირების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

საქართველომ ასე დროებით შეწყვიტა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში მიზეზად დასახელებულია საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენცია.

საქართველოს გადაწყვეტილება უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG