ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც სომხეთიდან საქართველოში მოემგზავრებოდნენ, „ბაგრატაშენის“ სასაზღვრო პუნქტიდან ერევანში დააბრუნეს რესპირატორულ ვირუსთან დაკავშირებული ეჭვის გამო. ამჟამად ისინი ერევანში ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან.
სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის წარმომადგენლის ლიანა ტოროსიანის განცხადებით, ერთ მათგანს ტემპერატურა არ აქვს, მეორეს კი ამ დრომდე გამოკვლევი უტარდება კორონავირუსის გამოსარიცხად.
„ერთ მათგანს არ აქვს ტემპერატურა, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მეორე მათგანს 37 გრადუსი სიცხე ჰქონდა. მას ამჟამად ფილტვების გამოკვლევა უტარდება. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი დაკვირვების ქვეშ არიან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იზოლირებულ განყოფილებაში“, - აცხადებს ლიანა ტოროსიანი
მისი განცხადებით, კორონავირუსის რისკი ძალიან დაბალია, ვინაიდან ჩინეთის ორი მოქალაქე სომხეთში ჩასვლამდე საქართველოში იმყოფებოდა. 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში ისინი ჩინეთში, მით უფრო, ქალაქ უჰანში არ იმყოფებოდნენ.