Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერეკლე კუხიანიძე: მე რომ გამაგდეთ, რატომ კობახიძე არ გააგდეთ პარტიიდან


ერეკლე კუხიანიძე
ერეკლე კუხიანიძე

თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე „ქართულ ოცნებას“ პრეტენზიას უყენებს იმის გამო, რომ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმის გამო ირაკლი კობახიძე პარტიიდან არ გარიცხეს. „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული ერეკლე კუხიანიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი:

„იმის გამო, მე რომ გავაკრიტიკე ვიღაცა, მე რომ გამაგდეთ პარტიიდან, ეგ რა იყო?! რატომ არ გააგდეთ კობახიძე პარტიიდან, რომელმაც ხალხის მტერი (მე, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ეგ დემაგოგია იყო და ტყუილი, მაგიტომ მოხსენით, ხოო?) დასვა სავარძელში. რატომ არ გააგდეთ პარტიიდან? ისევ პარტიაში ზის და ბატონი ბიძინას გვერდით ზის და მისი მრჩეველია. მე რატომ გამაგდეთ? რატომ?

რატომ ვერ იტანს ეს პარტია იმას, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი რაღაცას ამბობს. რატომ ისარგებლა პარტიაში პარტიის კორუფციულმა ნაწილმა, რომელსაც კონტრრევოლუცია აქვს მოხდენილი „ქართულ ოცნებაში“ და რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ ნორმალური დემოკრატიული პროცესები განვითარდეს?“ - თქვა თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ერეკლე კუხიანიძემ.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობაში აღარ იქნება. გადაწყვეტილება 18 დეკემბერს იქნა მიღებული. მას წინ უძღოდა ერეკლე კუხიანიძის მიერ „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული პოსტი ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი აქციის შესახებ. საკრებულოს დეპუტატმა მათ პროვოკატორები და იდიოტები უწოდა.

ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე იყო. უმრავლესობის და კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შემდეგ, იგი საკრებულოს წევრად დარჩა.

17 დეკემბერს, თბილისის საკრებულოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია საკრებულოდან კუხიანიძის „გაგდების“ მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG