Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო: აშშ მზადაა, ბელარუსი ენერგორესურსებით უზრუნველყოს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო (მარჯვნივ) ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრისას. მინსკი, 2020 წ. 1 თებერვალი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო (მარჯვნივ) ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრისას. მინსკი, 2020 წ. 1 თებერვალი.

აშშ მზადაა, ბელარუსი ენერგორესურსებით უზრუნველყოს „ასი პროცენტით, კონკურენტუნარიან ფასებში“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ შაბათს მინსკში, ბელარუსის ლიდერებთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

ეს აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ისტორიაში პირველი ვიზიტია ბელარუსში. ის მიმდინარეობს მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის, ასევე ენერგომატარებლების ფასებზე დავის გამო.

პომპეო შეხვდა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს ულაძიმირ მაკეის. მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ბელარუსმა უნდა „დამოუკიდებლად აირჩიოს განვითარების გზა და არ დაჰყვეს არავითარ ძალას“.

ლუკაშენკასთან შეხვედრაზე პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. მან აღნიშნა, რომ ესმის, რომ ბელარუსსა და რუსეთს მეზობლური ურთიერთობების დიდი ხნის ისტორია აქვთ. „მაგრამ ჩვენ არ ვლაპარაკობთ არჩევანზე ჩვენსა და მათ (აშშ-სა და რუსეთს) შორის. ჩვენ ვლაპარაკობთ დიპლომატიურ ურთიერთობებზე“, თქვა სახელმწიფო მდივანმა. პომპეოს თქმით, უახლოეს მომავალში - დიდი ხნის პაუზის შემდეგ - აშშ მინსკში თავის ელჩს გაგზავნის.

პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების თემა. არ არის გამორიცხული, რომ ის ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდეს.

პომპეო: ბელარუსს არ სჭირდება რუსეთსა და აშშ-ს შორის არჩევა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:27 0:00

თავის მხრივ, ლუკაშენკამ პომპეოს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და აშშ-სა და ბელარუსს შორის „არასაკმარისი გაგებისთვის“ ბრალი დასდო აშშ-ის წინა ადმინისტრაციას. მისი თქმით, ბელარუსის სპეცსამსახურები თანამშრომლობენ ამერიკულთან. ასევე მან თქვა, რომ აშშ-სა და ბელარუსს აერთიანებს ნაციზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა. სახელმწიფო მდივანმა ბელარუსის პრეზიდენტს მადლობა მოახსენა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ლუკაშენკას თქმით, პომპეოს ვიზიტის წინ „მტრები“ პროვოკაციულ მასალებს აქვეყნებდნენ. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი რუსეთის მთელმა რიგმა მედიასაშუალებებმა გააკრიტიკეს.

ლუკაშენკამ, რომელსაც „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ უწოდებდნენ, იხუმრა: „ჩვენთან დიქტატურა იმით გამოირჩევა, რომ შაბათ-კვირას ყველა ისვენებს, პრეზიდენტი კი მუშაობს“.

მაიკ პომპეო ბელარუსში უკრაინიდან ჩავიდა.

XS
SM
MD
LG