Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვასილ ბოჟკოვი: „თუ დამნაშავეების მიგნება გსურთ, უფრო მაღლა ეძებეთ“


ვასილ ბოჟკოვი
ვასილ ბოჟკოვი

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააპატიმრეს ბულგარელი აზარტული თამაშების „მეფე“ ვასილ ბოჟკოვი. ბოჟკოვი დღემდე მიმალვაში იმყოფებოდა და მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. ამბობენ, რომ საამიროების სამართალდამცველებთან ბოჟკოვი თავად გამოცხადდა და მისი ექსტრადიცია ბულგარეთში გართულდება.

ვასილ ბოჟკოვს, რომელიც ბულგარეთის აზარტული თამაშების ბიზნესის „მეფედ“ მოიხსენიება ხოლმე, და რომელსაც წილი აქვს საქართველოს სათამაშო ბიზნესშიც, ბულგარეთის გენერალურმა პროკურატურამ გასულ თვეში დაუსწრებლად წაუყენა ბრალი გამოძალვაში, დამნაშავეობრივი ჯგუფის შექმნაში, ქრთამის მიცემის მცდელობასა და სხვა დანაშაულში. 63 წლის ბოჟკოვს, რომლის ქონება 1,35 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, გენერალური პროკურორის, ივან გეშევის თქმით, თავისი კომპანიების საქმიანობიდან 599 მილიონი ლევი (დაახლოებით 350 მილიონი აშშ დოლარი) აქვს სახელმწიფოსთვის გადასახდელი.

ვასილ ბოჟკოვს, რომელიც ბულგარეთის აზარტული თამაშების ბიზნესის „მეფედ“ მოიხსენიება ხოლმე, წილი აქვს საქართველოს სათამაშო ბიზნესშიც.


სანამ ბოჟკოვს დააპატიმრებდნენ, მანამდე პოლიციამ 29 იანვარს დააპატიმრა 16 პირი, მათ შორის, „აზარტული თამაშების სახელმწიფო კომისიის“ ხელმძღვანელი, ასევე ამ უწყების მაკონტროლებელი ორგანოს მმართველი, გაჩხრიკეს ბოჟკოვთან დაკავშირებული ფირმების 13 ოფისი. ბოჟკოვმა ბულგარეთის ტელევიზიას უთხრა, რომ დაპატიმრებულია მისი ცოლი.

ვასილ ბოჟკოვმა ბულგარეთის ტელევიზიას განუცხადა, რომ ის არ არის დამნაშავე და „თუ ბატონ გეშევს სურს დამნაშავეების მოძებნა, უფრო ზემოთ უნდა ეძებოს, ვიდრე ეს „აზარტული თამაშების კომისიაა“. ბოჟკოვი მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრისკენ იშვერს თითს.

ლატარიის გარდა, ბოჟკოვის ქონება მოიცავს მთელ რიგ კომპანიებს. ის არის ქვეყნის ორიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბის, სოფიის „ლევსკის“ მფლობელი, მას ეკუთვნის ანტიკვარული ნივთების და ხელოვნების ნიმუშების კოლექცია.

ბოჟკოვის თქმით, მის წინააღმდეგ ასე სწრაფად იმიტომ გააქტიურდნენ სახელმწიფო ორგანოები, რომ „სახელმწიფო შეშინებულია“ „ლევსკის“ საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებთან მისი შეხვედრის შემდეგ. ამ შეხვედრაზე ბოჟკოვმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ თუ მისი ბიზნესი შეწყვეტს მოქმედებას, ის ვეღარ შეძლებს კლუბის დაფინანსებას. ბოჟკოვმა უარყო მისი კრიტიკოსების მიერ გამოთქმული ბრალდებები, რომ მან თითქოს გულშემატკივრები საპროტესტო გამოსვლებისკენ შეაგულიანა.

ბოჟკოვის წილები სხვადასხვა კომპანიაში ყოველთვის 50 პროცენტზე მეტია, საქართველოს ლატარიის ბიზნესში კი მას 25-პროცენტიანი წილი აქვს. ქართულ მედიაში 2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2017 წლის სექტემბრიდან საქართველოში ლატარიას ახალი კომპანია ჩაატარებდა. სახელმწიფოს მმართველობაში არსებული „საქართველოს ლატარიის კომპანია“ კი არსებობას შეწყვეტდა.

სახელმწიფო უწყებებმა, რომლებმაც ახლა ომი გამოუცხადეს ბოჟკოვს, თავის დროზე ირიბად შეუწყვეს მას ხელი.


„ლატარიის ორგანიზების ლიცენზია ფინანსთა სამინისტრომ მომდევნო 10 წლით კომპანია „ჯი ენ ელს“ გადასცა. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს კომპანია „ნიუ გეიმსი“, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ბულგარეთში ეროვნული ლატარიის გათამაშებას ატარებს. კომპანიის მფლობელი ვასილ ბოჟკოვია“, წერდა საინტერნეტო გამოცემა „ტაბულა“.

ბოჟკოვმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მას ბულგარეთში ყველა დავალიანება გადახდილი აქვს კანონის შესაბამისად და დასძინა, რომ თუკი რაიმე არა აქვს გადახდილი, სახელმწიფომ შეიძლება უკანა რიცხვით მოსთხოვოს მას ნაკლული თანხის ანაზღაურება.

მიმომხილველები შენიშნავენ, რომ იმავე სახელმწიფო უწყებებმა, რომლებმაც ახლა ომი გამოუცხადეს ბოჟკოვს, თავის დროზე ირიბად შეუწყვეს მას ხელი. პრობლემის ფესვები აზარტული თამაშების შესახებ კანონშია. 2013 წელს, პრემიერ-მინისტრის, პლამენ ორეშარსკის უმცირესობის მთავრობის დროს, ლიბერალური პარტია გამოვიდა ინიციატივით, რომ აზარტული თამაშები, ინტერნეტშიც და რეალურადაც, ერთნაირად დაბეგრილიყო.

მაგრამ მოულოდნელად, მეორე წაკითხვისას, მემარცხენე დეპუტატები გამოვიდნენ სხვა ინიციატივით, რომ დაბეგვრა ონლაინ და ოფლაინ მომხდარიყო სხვადასხვანაირად, რაც დამტკიცდა კიდეც. ითვლება, რომ სწორედ ამ კანონში „ხვრელებს“ იყენებს ბოჟკოვი თავისი ბიზნესისთვის.

აშშ-ის დიპლომატებმა 2005 წელს გამოთქვეს ვარაუდი, რომ ბოჟკოვი დაკავშირებული იყო სხვადასხვა სახის დანაშაულთან.


კიდევ ერთი საჩუქარი, რომელსაც ლატარიის ბიზნესის მფლობელები იყენებენ აქტიურად, არის ბოიკო ბორისოვის პირველი მთავრობის (2009-2013 წლების) დროს მიღებული კანონი, რომელიც ლატარიის ყველგან გაყიდვის ნებართვას იძლევა. ამ კანონის შეცვლის ერთი-ორი მცდელობა მოგვიანებით წარუმატებელი გამოდგა.

აშშ-ის დიპლომატებმა 2005 წელს გამოთქვეს ვარაუდი, რომ ბოჟკოვი დაკავშირებული იყო სხვადასხვა სახის დანაშაულთან, მათ შორის, ფულის გათეთრებასთან, პრივატიზების დროს თაღლითობასთან, გამოძალვასა და დაშინებასთან, ასევე კონტაქტები ჰქონდა ორგანიზებულ დამნაშავეობრივ ჯგუფებთან.

საინტერესოა, რომ ამდენი წლის განმავლობაში პროკურატურას პრეტენზია არ ჰქონია ბოჟკოვის მიმართ, ახლა კი ახალმა გენერალურმა პროკურორმა დროის მოკლე მონაკვეთში მოასწრო მის წინააღმდეგ მასალების მოგროვება. გეშევმა თანამდებობის დაკავების პირველ თვეშივე ენერგიულად მოჰკიდა საქმეს ხელი.

უცხოეთში მიმალვაში ყოფნისას ბოჟკოვმა შეახსენა თავის ბრალმდებლებს, რომ მის კომპანიებს, რომელთაც გადასახადების გადაუხდელობაში ადანაშაულებენ, სხვა აქციონერებიც ჰყავთ.

ვასილ ბოჟკოვი, გამჭრიახი და ანგარიშიანი ბიზნესმენი, რომელსაც „განგსტერს“ უწოდებენ, განათლებით მათემატიკოსია.

ის 1956 წელს დაიბადა ველინგრადში, დაამთავრა სოფიის მათემატიკის უმაღლესი სასწავლებელი და სოფიის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. შემდეგ კი ეკონომიკის ინსტიტუტში სწავლობდა.

ბოჟკოვი მიხვდა, რომ აზარტული თამაშები ყველაზე სწრაფად მზარდი და შემოსავლიანი ბიზნესი იყო ბულგარეთში.

1980-იან წლებში, სოციალიზმის ბოლო ათწლეულში, ბოჟკოვი მაშინდელ შავ ბაზარზე ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობდა.

1990 წელს უკვე ოფიციალურად დაიწყო სავალუტო ბიზნესი და საკუთარი სავალუტო ოფისი გახსნა. ამის შემდეგ ის ძალიან მალე დაინტერესდა აზარტული თამაშებით. ბოჟკოვი მიხვდა, რომ ეს ყველაზე სწრაფად მზარდი და შემოსავლიანი ბიზნესი იყო ბულგარეთში. ამავე დროს აზარტული თამაშები ფულის გათეთრების კლასიკური ინსტრუმენტია, რაც ბევრ ბიზნესმენს სჭირდებოდა სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გარდამავალ პერიოდში.

ამ სფეროში პირველი ბიზნესი მან უკვე 1991-92 წლებში დაიწყო. 1990-იანების ბოლოს ის უკვე მულტიმილიონერი გახდა. ბოჟკოვს იზიდავდა მაღალშემოსავლიანი ბიზნესი, მაგალითად, დაუბეგრავი ვაჭრობა. მან შეისყიდა საპრივატიზაციო ფონდი, შეიძინა საგზაო-სამშენებლო და სარემონტო კომპანიები, ბოჟკოვის მფლობელობაშია სასტუმროები, ტურისტული ბიზნესი, საკვები პროდუქტების ბიზნესი და სხვ.

1993 წელს მან დააარსა კომპანია Eurofootball-ი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ბულგარეთის უდიდესი სპორტული კომპანია.

ზრდასთან ერთად ბოჟკოვი ეძებს მსხვილ პარტნიორებს. მაგალითად, Eurofootball-ში 2002 წელს მისი პარტნიორი გახდა ბერძენი მილიარდერი სოკრატ კოკალისი.

1999 წელს ბოჟკოვმა შეიძინა საფეხბურთო კლუბი „CSKA“, მაგრამ ხელისუფლებასთან უთანხმოების შემდეგ მალე გაყიდა ის.

ერთი წლის წინ ბოჟკოვმა პოპულარულ საფეხბურთო კლუბ „ლევსკის“ სადავეები გადაიბარა და როგორც გულშემატკივრებთან შეხვედრაზე თქვა, პრემიერ-მინისტრმა ბორისოვმა მას პირადად დაავალა, კლუბის მფლობელი გამხდარიყო.

ეჭვებს იწვევს ბოჟკოვის ერთ-ერთი მთავარი გატაცება თუ ბიზნესი - კულტურის ძეგლების კოლექციაც.


ბევრის აზრით, ეჭვებს იწვევს ბოჟკოვის ერთ-ერთი მთავარი გატაცება თუ ბიზნესი - კულტურის ძეგლების კოლექციაც. ადრე ბულგარეთის ხელისუფლება თვალს ხუჭავდა და არ დაინტერესებულა იმით, თუ საიდან მოიპოვებდა ბიზნესმენი თავისი მდიდარი კოლექციის ნიმუშებს.

2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკულად ლეგალიზება უყო ბოჟკოვის კოლექციას. მოსამართლეებმა 7 ხმით 5-ის წინააღმდეგ უკუაგდეს კანონი, რომელიც მფლობელისგან მოითხოვდა ხელოვნების ნიმუშის წარმომავლობის დამტკიცებას.

მიუხედავად იმისა, რომ ბოჟკოვზე ორჯერ მოეწყო თავდასხმა, ბევრი ბულგარელი ბოსისგან განსხვავებით, ის არ იმალებოდა, ხალხში ჩნდებოდა, ხშირად დადიოდა სტადიონზე. დაცვის გარეშე დადიოდა ავტომანქანით.

ბიზნესიმპერია, რომელიც ბოჟკოვმა ააგო, ერთობ რთული და ძნელად გასაკონტროლებელია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკანონოდ შეძენილი ქონების კონფისკაციის კომიტეტისთვის იოლი არ იქნება მასში გზის გაკვლევა.

XS
SM
MD
LG