Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ კახიძე: შოთაძეს დავუსვამ შეკითხვებს ყველა იმ საქმეზე, რაც "ხელისგულზე დევს"


ოთარ კახიძე
ოთარ კახიძე

საქართველოს საპროკურორო საბჭოს წევრი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ოთარ კახიძე აპირებს, გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს დაუსვას შეკითხვები ყველა იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც „ხელისგულზე დევს“. როგორც საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძის მოსმენის დაწყებამდე განაცხადა მედიასთან ოთარ კახიძემ, პირველ რიგში, ეს შეკითხვები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს ეხება. ოთარ კახიძე ამბობს, რომ ეს საქმე შოთაძის დაქვემდებარებაში მომუშავე პროკურატურამ პრაქტიკულად გააყალბა:

„მტკიცებულებები გაანადგურა, ხელი დააფარა ერთ-ერთ ფიგურანტს, რომელიც კავშირში იყო პროკურატურის ყოფილ თანამშრომელ მირზა სუბელიანთან. შოთაძე გადადგა, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა ამ საქმის ჩავარდნის გამო. შემდგომ, საგამოძიებო კომისიამ დააფიქსირა სისტემური დარღვევები. მათ შორის, გამოკვეთა შოთაძის შესაძლო ბრალეულობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, არის ის, რომ ირაკლი შოთაძის შემდგომ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა იმ ფიგურანტს, რომელსაც შოთაძის პროკურატურა მიიჩნევდა გამშველებლად. დღეს, მკვლელობის ბრალდება აქვს წარდგენილი ამ პირს. შესაბამისად, საინტერესოა, რა შეიცვალა და როგორ ფიქრობს ბატონი შოთაძე, დღესაც გამშველებელი უნდა იყოს მკვლელობაში ბრალდებული, თუ რაიმე სხვა აზრი აქვს ამ საკითხზე?!“ - აღნიშნა ოთარ კახიძემ. მისი შეფასებით, ვინ დაიკავებს გენერალური პროკურორის პოსტს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნებისმიერი გენერალური პროკურორი პარტიის თავმჯდომარის დავალებების შემსრულებელი იქნება. მისივე თქმით, საპროკურორო საბჭოც ფასადური ორგანოა, რადგან გადაწყვეტილებებს მაინც ბიძინა ივანიშვილი იღებს.

„არც პარლამენტში და არც ამ შენობაში (გენერალური პროკურატურა) არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საპროკურორო საბჭომ 27 იანვარს დაიწყო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება. ამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ, თუმცა განაცხადა, რომ გამონაკლისის სახით აუცილებლად დაესწრებოდა ყოფილ მთავარ პროკურორთან, გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძესთან გასაუბრებას.

აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს სულ 17 კანდიდატი წარუდგინეს, მათგან ერთმა კანდიდატურა თავად მოხსნა. გენერალური პროკურორობის კანდიდატთა შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. მასთან გასაუბრების პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

XS
SM
MD
LG