აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა ვაშინგტონში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქართული მხარისგან მიიღეს ვითარების შეცვლის გარანტიები.
„ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა რომ წარმატებული იყოს. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც ამერიკის მხარის ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. ჩვენ გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა. თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ქართველების ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ, ქართველებს სურთ თავისუფალი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ამ საქმეში ჩვენ გვინდა მათ გვერდით ვიდგეთ”, - უთხრა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმას“.
ჯეიმს რიშმა აღნიშნა, რომ განსახილველ საკითხთა შორის იყო მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაც: „ვისაუბრეთ არჩევნებზე, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. ქართველი ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას. 2012 წელს, როცა მე საქართველოში ვიყავი, ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი მოიგებდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა. ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ“.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშთან ერთად, დავით ზალკალიანს შეხვდა რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი. მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ შეერთებულ შტატებს მიეცემა საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა.
„ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ევროპულ კურსს ნატოსკენ და ევროატლანტიკური პარტნიორობისკენ სწრაფვას. გვინდა ამას მხარი დავუჭიროთ და იმედი გვაქვს, გვექნება ამ მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ სენატორებთან შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელიც მათ წერილში იყო ასახული: „ეს იყო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა და სწორედ ამ კონტექსტში იყო ჩემი მხრიდან ძალიან დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიცია, ყველა იმ პროცესთან მიმართებაში, რა პროცესებზეც არის საუბარი წერილში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ახდენს მაღალი სტანდარტის დემონსტრაციას, როგორც საარჩევნო პროცესთან და არჩევნების ჩატარების კუთხით, ჩვენ 2012 წლის შემდეგ გვქონდა უმაღლეს დონეზე ჩატარებული არჩევნები, ბუნებრივია ყველა რეკომენდაცია, რომელიც მოდის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იქნება გათვალისწინებული“.
სენატორებთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.
იანვრის ბოლოს, სენატორებმა რიშმა და შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართეს წერილით, რომელშიც დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლად შეაფასეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარი, საპროტესტო გამოსვლების ძალით ჩახშობა, ოპოზიციის ლიდერების დევნა და უზენაესი სასამართლოს ახალი წევრების არჩევის პროცესი.
წერილში ჯეიმს რიშმა და ჯინ შაჰინმა რუსეთის გავლენის გაძლიერების საფრთხეზე მიუთითეს და არ გამორიცხეს, რომ თუ საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე არ იზრუნებს, აშშ გადახედავს საქართველოსთან პარტნიორობას.