Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიტიკულად მძიმეა მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა

კრიტიკულად მძიმეა 25 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ცოტა ხნის წინ ნაძალადევის რაიონში მრავალსართულიანი კორპუსის მე-8 სართულიდან გადმოვარდა.

პირველი სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, ხათუნა ხუფენიას განცხადებით, ამ ეტაპისთვის პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება ქირურგიული ჩარევა.

„პაციენტი კლინიკაში მოყვანილია ფორსმაჟორულ სიტუაციაში, სიმაღლიდან ვარდნის გამო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ კომატოზურ მდგომარეობაში, იყო ტრამვულ-ჰემორაგიული შოკი. დაზიანებებს რაც შეეხება, არის სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის, ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შეშუპება, კისრის გულ-მკერდის და წელის მალების მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა არის კრიტიკული, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია და ოპერაცია დაიგეგმება მას შემდეგ, რაც იქნება მიღწეული მინიმალური სტაბილიზაცია“, - განაცხადა ხათუნა ხუფენიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კორპუსში, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა, სამუშაოები შეჩერდა.

დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციის პირველადი მოკვლევით, დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევები.

5 თებერვალს, მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას ათსართულიანი კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი ასაკი 25 წლამდეა.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

XS
SM
MD
LG