Accessibility links

კიევის სასამართლომ დავით ბეჟუაშვილის კომპანიისთვის უკრაინული პორტის გადაცემა შეაჩერა


კიევის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეაჩერა ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის კომპანიისთვის უკრაინაში, ხერსონის პორტის გადაცემა. მიზეზად კონკურსის მიმდინარეობისას ერთ-ერთი კომპანიის, „ხერსონის საზღვაო პორტის“ დისკვალიფიკაცია დასახელდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

მისი განცხადებით, უკრაინაში სასამართლოს სჭირდება გადატვირთვა, რათა მსგავსი გადაწყვეტილებები აღარ მიიღებოდეს.

“ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ინვესტორების დაცვაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ხერსონის პორტის მართვის უფლებით გადაცემა 30 წლით ქართულ-შვეიცარიული კომპანიისთვის „რისოილ-ხერსონი“-სთვის იგეგმებოდა.

2019 წლის სექტემბერში უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტენდერი გამოცხადა, ტენდერში მონაწილეობის სურვილი 46- მა უკრაინულმა და 11-მა უცხოურმა კომპანიამ გამოთქვა. გამარჯვებულად ქართულ-შვეიცარიული კომპანია - LLC RISOIL-KHERSON-ი გამოცხადდა.

კომპანიის მესაკუთრეები არიან შპს „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ აფილირებული Petrol Oil and Chemicals და შვეიცარული კომპანია Rissoil S.A. პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა და მას დავით ბეჟუაშვილიც დაესწრო.

შპს „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში", რომლის დამფუძნებელიც დავით ბეჟუაშვილია, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ უკრაინაში მიმდინარე სასამართლო პროცესს "მშვიდად ადევნებენ თვალს".

„პრეტენზიები მიმართულია არა კონკრეტული კომპანიის, არამედ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ. ეს შიდა დავაა. ჩვეულებრივი რეაქციაა ასეთი გადაწყვეტილებების შემდეგ. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს რეაქციაც. რაც შეგვეხება ჩვენ, მშვიდად ვადევნებთ ამ პროცესს თვალს“, - აცხადებენ კომპანიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG