სომხეთი აპრილში გამართავს რეფერენდუმს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რაც წარმოადგენს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მცდელობას, გაუშვას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა.
პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა 9 თებერვალს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც რეფერენდუმის დღედ 5 აპრილი განისაზღვრა. ბრძანებას სამი დღით უსწრებდა წინ პარლამენტის გადაწყვეტილება, გაიმართოს რეფერენდუმი, რომელიც მოიტანს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრიდან შვიდის გაშვებას - მოსამართლეების, რომლებიც დაინიშნენ 2018 წლის იმ საპროტესტო ტალღამდე, რომლითაც ფაშინიანი ხელისუფლებაში მოვიდა.
შვიდ ახალ მოსამართლეს დაამტკიცებს პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობას ფლობს ფაშინიანის ბლოკი "ჩემი ნაბიჯი". ორი მოსამართლე, რომელიც ამ თანამდებობებზე მოგვიანებით დაინიშნა, პოსტებს შეინარჩუნებს.
"5 აპრილს, ჩვენ 'კის' ვეტყვით რევოლუციას, 'კის' ვეტყვით თავისუფლებას და კარს მივუჯახუნებთ კორუფციას", - დაწერა ფაშინიანმა თავის ფეისბუკის გვერდზე, მას შემდეგ, რაც სარქისიანმა ბრძანებას ხელი მოაწერა.
ფაშინიანი შვიდ მოსამართლეს ბრალს სდებს კავშირების შენარჩუნებაში სომხეთის ყოფილ მმართველებთან და იმ რეფორმების შეფერხებაში, რომლებიც, მისი აზრით, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაზეა ორიენტირებული. ფაშინიანის კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრი სასამართლოზე გავლენის მოპოვებას ცდილობს.