Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარასინის ცნობით, რუსეთის დელეგაცია თბილისში ევროსაბჭოს მინისტერიალს დაესწრება


გრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი

რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, რომელიც მაისში, თბილისში უნდა ჩატარდეს - ამის შესახებ დღეს, 13 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა, რომელიც ამჟამად ანექსირებულ ყირიმში, იალტაში იმყოფება.

კარასინის თქმით, დელეგაციის შემადგენლობა ჯერ განსაზღვრული არ არის. „ვინ გაემგზავრება, ეს ალბათ, უფრო ღვთისმეტყველების საკითხია“, - კარასინის ეს სიტყვები სააგენტო „რია ნოვოსტის“ მოჰყავს. რუსი სენატორის შეფასებით, დელეგაციის საკითხი ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა.

გრიგორი კარასინი რუსეთის წარმომადგენელია საქართველოსთან არაფორმალურ დიალოგში, რომელიც აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახელითაა ცნობილი.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთოევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლაი კობრინეცმა 12 თებერვალს, სააგენტო „რია ნოვოსტის“ უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან პროვოკაცია მოსალოდნელია.

„საქართველოში არსებობს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის თანახმად, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლა კანონდარღვევაა და ისჯება ფულადი ჯარიმით, ან ოთხ წლამდე პატიმრობით“, - განაცხადა კობრინეცმა. მისი თქმით, საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ამ კანონის გამოყენებას მოითხოვს ევროსაბჭოს ღონისძიების შემთხვევაშიც.

შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია, კობრინეცმა უპასუხა, რომ „თეორიულად, კი“. ამასთან, რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ქვეყანაში სხდომის ყველა მონაწილის თავისუფლად ჩასვლა, კომფორტული სამუშაო გარემო და უსაფრთხოება. კობრინეცის თქმით, დარწმუნებული არ არის, რომ ქართველი პარტნიორები ამას შეასრულებენ.

14-15 მაისს, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ.

მინისტერიალში ტრადიციულად, მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სავარაუდო ვიზიტს აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG