Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოფის შემთხვევა ლაგოდეხში და არაინფორმირებულობის პრობლემა 


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ცოფით დაავადებულმა ძაღლმა ორი ადამიანი დაკბინა. ერთი მათგანი უკვე აცრეს და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა, მეორე კი ვაქცინაციაზე უარს ამბობს.

ცხოველს რომ ცოფი ჰქონდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევით დაადგინეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლს პატრონი არ ჰყავდა, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, ის ყაველაშვილების ოჯახის იყო. ნოდარ ყაველაშვილის თქმით, ძაღლი აგრესიული გახდა

მარცხნივ ნოდარ ყაველაშვილი, მარჯვნივ კონსტანტინე დემეტრაშვილი
მარცხნივ ნოდარ ყაველაშვილი, მარჯვნივ კონსტანტინე დემეტრაშვილი

მეზობლების დაკბენამდე ერთი დღით ადრე: „ვერაფერს ვერ ვაჩნევდით და უცბად დაიწყო ადამიანებზე გაწევა და კბენა. ჩემზე არ იწევდა, თუმცა, როცა შევამჩნიე, რომ გაღიზიანებული იყო, ჯოხით დავდიოდი. ქუჩაშიც არ ვუშვებდი, მაგრამ ღობიდან გადახტა. ერთ-ერთ მეზობელს იმ დროს უკბინა, როცა ქუჩაში ვიდექით და ვლაპარაკობდით. ჯერ ფეხზე მიახტა და მერე მუცელზე უკბინა“.

ძაღლი აცრილი არ ყოფილა. პატრონი მიზეზად იმას ასახელებს, სოფელში ცოფის შემთხვევა არასდროს ყოფილა და ვერ წარმოედგინა, რომ მისი ძაღლი შესაძლოა, დაავადებული ყოფილიყო. გამოკვლევები და მკურნალობა ნოდარ ყაველაშვილსაც უტარდება. მისი მეზობელი კონსტანტინე დემეტრაშვილი, რომელსაც ძაღლმა მუცელზე უკბინა, ამბობს, რომ ადრე ძაღლი აგრესიულობით არასდროს გამოირჩეოდა და უბანში მისი არავის ეშინოდა. კონსტანტინე დემეტრაშვილი უკვე ორი დღეა მკურნალობის სპეციალურ კურსს გადის.

მაკა ხმალაძე
მაკა ხმალაძე

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაკა ხმალაძის ინფორმაციით, ძაღლის მიერ დაკბენილმა კიდევ ერთმა პირმა აუცილებელ ვაქცინაციაზე უარი თქვა, რადგან ირწმუნება, რომ კბილი მხოლოდ შარვალზე გაკრა. ასეთ შემთხვევაშიც, მკურნალობა აუცილებელია, თუმცა, საფრთხეების ახსნის მიუხედავად, აცრაზე მაინც ვერ დაითანხმეს. „ჩვენ რაიმე სახის იძულების წესი არ გაგვაჩნია. ექიმებმა მამაკაცი და მისი ოჯახის წევრები უკვე გააფრთხილეს მოსალოდნელ, სავარაუდო შედეგებზე და ხელწერილი დააწერინეს, რომ საკუთარი სურვილით არ იტარებს მკურნალობას“, - გვითხრა მაკა ხმალაძემ.

როგორც ირკვევა, ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი კიდევ ორ ადამიანს ჰქონდა. მაკა ხმალაძის თქმით, ორივე მათგანს უტარდება ანტირაბიული აცრები და იმუნოგლობულინით ვაქცინაცია.

ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ, სოფელ შრომაში ვეტერინარები ჩავიდნენ. ისინი, პირველ რიგში, მივიდნენ იმ ოჯახებში, სადაც ძაღლის მიერ დაკბენილი ადამიანები ცხოვრობენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა შველიძე გვეუბნება, რომ ჩატარდა დეზინფექცია და მოხდა პოტენციურად დაავადების მატარებელი ან ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია: „ცოფი არის დაავადება, რომელიც 100 %-ით ლეტალობით სრულდება. სწორედ ამიტომ, თუნდაც ერთი შემთხვევის დაფიქსირებისას აუცილებელია შესაბამისი ღონისძიებების გატარება და მოსახლეობის ინფორმირებულობა. თუ ხარ ინფორმირებული, ნიშნავს, რომ ხარ შეიარაღებული. თავდაცვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა საკუთარი ცხოველების დროული ვაქცინაცია. სურსათის ეროვნული სააგენტო ვაქცინაციას ატარებს უფასოდ. შესაბამისად, შინაური ცხოველების მეპატრონეებმა უნდა მიმართონ სააგენტოს და ითანამშრომლონ ვეტერინარებთან. ეს არის ყველაზე კარგი მეთოდი, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი შემთხვევები“.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ატარებს პატრონიანი და მიუსაფარი ძაღლების და კატების პროფილაქტიკურ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. თუმცა, სააგენტო მოსახლეობას სთხოვს, თავადაც გამოიჩინონ ყურადღება და ადგილობრივ სამსახურებს მიმართონ. ცოფი საშიში, მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც სიკვდილით სრულდება. ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად ვაქცინაციაა საჭირო.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG