Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშაბათს მკვეთრად გამწვავდა ვითარება აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე


უკრაინის ჯარების შტაბის ცნობით, სამშაბათს მკვეთრად გამწვავდა ვითარება აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე.

უკრაინის სამხედროების მონაცემებით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტები, რომლებსაც რუსეთი ეხმარება, დილით შეტევაზე გადავიდნენ დასახლებული პუნქტების - ნოვოტოშკოვსკოეს, ორეხოვოს, კრიმსკოესა და ხუტორ ვოლნის რაიონში. ისინი განლაგებული არიან სოფელ ზოლოტოეს მახლობლად, სადაც შარშან მოხდა ძალების დაშორიშორება.

შტაბის თანახმად, მოიერიშეებმა გამოიყენეს შეიარაღება, რომელიც აკრძალულია მინსკის შეთანხმებებით, მათ შორის, 120-მილიმეტრის კალიბრის ნაღმსატყორცნები, ასევე ისროდნენ მსხვილი კალიბრის ტყვიამფრქვევით. ცნობაში ხაზგასმულია, რომ სეპარატისტები მხარეთა შეხების ხაზის გადაკვეთას ცდილობდნენ.

მოგვიანებით შტაბმა კიდევ ერთი ცნობა გაავრცელა, რომლის თანახმად, უკრაინის ჯარებმა მოიგერიეს სეპარატისტების იერიში და სრულად აკონტროლებენ თავიანთ პოზიციებს. ბრძოლები დასრულდა. უკრაინის ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. არის მსხვერპლი სეპარატისტთა შორისაც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს უწოდა „ცინიკური პროვოკაცია“ და „დონბასის სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობა“. მისი თქმით, უცვლელი რჩება უკრაინის ხელისუფლების კურსი, რომელიც კონფლიქტის დასრულებისკენაა მიმართული,.

სეპარატისტებსა და რუსეთს არ გაუკეთებიათ კომენტარი ინციდენტის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG