Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: ულტრამემარჯვენეები პრორუსული გზავნილების გავრცელებას განაგრძობენ


“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა საქართველოში, სოციალურ ქსელსა და ონლაინ მედიაში ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების აქტიურობის ძირითად ტენდენციებზე დაკვირვების იანვრის შედეგები.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, გასული თვეების მსგავსად გამოიკვეთა ქართული ულტრამემარჯვენე დისკურსის შემდეგი მახასიათებლები:

1) საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობა და შესაბამისად, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია;

2) პრორუსული გზავნილების გავრცელება;

3) სხვადასხვა დეზინფორმაციებისა და მანიპულაციების გავრცელების გზით საზოგადოებაში ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დანერგვა.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებით, ულტრამემარჯვენე ჯგუფები ფეისბუკს აქტიურად იყენებენ საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის დანერგვისა და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. ულტრამემარჯვენე დისკურსი ხასიათდება მკვეთრად პოპულისტური და პროპაგანდისტული შინაარსით.

იანვარში ულტრამემარჯვენე ჯგუფების სამიზნე გახდა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI). 16 იანვარს, NDI-ის მიერ საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ისეთი ულტრამემარჯვენე ფეისბუკ გვერდების მხრიდან, როგორებიცაა: „ანტიპარადოქსი“, „pressტიტუცია“ და „ანტი-ლიბერალური ლიგა“. მათ გაავრცელეს ინფორმაცია NDI-ის და მისი თბილისის ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის პოლიტიკური მიკერძოებულობისა და არასანდოობის შესახებ. ულტრამემარჯვენე ფეისბუკ გვერდმა „ანტილიბერალური ლიგა“ NDI-ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" „კავშირის“ ხაზგასასმელად გაავრცელა მიმი დავით ბაქრაძის, ირმა ნადირაშვილის და ნოდარ მელაძის გამოსახულებით.

იანვარში, ულტრამემარჯვენე ჯგუფების და მედიის დისკურსი დატვირთული იყო ანტიდასავლური გზავნილებითაც, რომლებიც ცალსახად ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვრცელდებოდა. მაგალითად, ღიად პრორუსულმა მედია საშუალებამ „News Front Georgia“-მ გამოაქვეყნა დეზინფორმაციული სტატია, რომელიც ეხებოდა ირანში გაერთიანებული სამეფოს ელჩის, რობერტ მაკეირის საპროტესტო აქციაზე დაკავებას. პრორუსული და კრემლისტური მედიასაშუალებების მტკიცება, რომ ელჩი მაკეირი ხელმძღვანელობდა საპროტესტო აქციებს, არის დეზინფორმაცია. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელჩი ავიაკატასტროფაში დაღუპულთა საჯარო სამძიმარს ესწრებოდა და დააკავეს საელჩოში დაბრუნების დროს. გაერთიანებულ სამეფოში ირანის საელჩოს განცხადებით კი, ელჩის დაპატიმრება იყო გაუგებრობა. დეზინფორმაცია ინგლისის ელჩის ირანში დაკავების შესახებ, გავრცელდა ისეთი კრემლისტური მედია საშუალებების მიერ, როგორებიცაა: Russia Today, Ria Novosti და gazeta.ru.

იანვარში, ულტრამემარჯვენე დისკურსში დომინირებდა ქსენოფობიური და ანტისაიმიგრაციო გზავნილებიც, რომლებიც ძირითადად, ფაქტებით მანიპულაციასა და დეზინფორმაციას ეყრდნობოდა. მიგრანტთა წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციულ კამპანიას ტრადიციულად აგრძელებდნენ ისეთი პრორუსული მედიასაშუალებები, როგორებიცაა: „საქართველო და მსოფლიო“ და “თვალსაზრისი“. სწორედ ამ ონლაინ პლატფორმაზე გავრცელდა იდენტური შინაარსის, დეზინფორმაციული სტატიები ირანელთა მხრიდან საქართველოში 134 ათასი ბინის შესყიდვის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG