თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 21 თებერვალს ირანიდან ჩამოსული სამი მოქალაქე შეიყვანეს, რომელთაგან ერთს ტემპერატურის მატება აღენიშნება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, ისინი ერთი ოჯახის წევრები, დედა-შვილები არიან. ამირან გამყრელიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ მათ კორონავირუსზე შესაბამისი კვლევები ჩაუტარდებათ.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ირანში ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, საქართველოში შესაბამისი ზომები გატარდება:
„გიდასტურებთ, რომ ირანში, გარკვეულად კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია უარესდება, ბოლო დღეების განმავლობაში, ოფიციალურად უკვე დადასტურებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორი, მაგრამ სხვადასხვა წყაროებით ხუთი ფატალური შემთხვევა კორონავირუსული ინფექციით.ეს ხდება ირანის ერთ-ერთ პროვინციაში და ქალაქში, რომელიც თეირანიდან დაახლოებით 150 კილომეტრშია. ამიტომ ვფიქრობთ შესაბამისი ზომების გატარებას. სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ამაზე უკვე მუშაობენ, რამეთუ ირანი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ინტენსიური მიმოსვლაა ირანთან და თუ ირანში გაუარესდა ეპიდსიტუაცია, რა თქმა უნდა, შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.