Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ


ტყიბულელი მეშახტეები (საარქივო ფოტო)
ტყიბულელი მეშახტეები (საარქივო ფოტო)

ტყიბულის ძიძიგურის სახელობის შახტის გაფიცული თანამშრომლების წარმომადგენლები ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მეშახტეთა პროფკავშირის წარმომადგენელმა, გაგა ისაკაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ადმინისტრაციამ აჩვენა ტექნიკური ინსპექციის წერილი, რომლის თანახმად, 26 თებერვლამდე უნდა შემოწმდეს შახტში ჩასასვლელი ბაგირი, თუმცა, ადმინისტრაციამ არა შემოწმება, არამედ შეცვლა გადაწყვიტა.

ისაკაძის ინფორმაციით, გაფიცულების მოთხოვნაა, რომ ბაგირი შემოწმდეს და მათ მუშაობა გააგრძელონ ძიძიგურის სახელობის შახტის დამხმარე ჭაურით: „რის საფუძველსაც გვაძლევს სხვადასხვა კომპეტენტური ადამიანების დასაბუთება და პრაქტიკა“.

ძიძიგურის სახელობის შახტის 200-მდე თანამშრომელი მას შემდეგ გაიფიცა, რაც ადმინისტრაციამ შახტში ჩასასვლელი ბაგირის შეცვლის მიზეზით მოითხოვა, რომ მაღაროელებმა შახტში იარონ მინდელის სახელობის შახტის გვირაბიდან. ამ შემთხვევაში, მათ საგრძნობლად ეზრდებათ ერთი შახტიდან მეორემდე გასავლელი მანძილი და დრო. ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებულები სწორედ ამ შახტის ადმინისტრაციული შენობის სიახლოვეს ცხოვრობენ.

ამასთან, გაფიცულები ეჭვობენ, რომ შახტების მფლობელი კომპანია აპირებს საერთოდ გააუქმოს ადმინისტრაციული შენობა და, პერსპექტივაში, სამუშაო ადგილებიც შეამციროს. გაგა ისაკაძის თქმით, ეჭვს ის აძლიერებს, რომ ბაგირის შესაცვლელად თვეზე მეტი ხნის პერიოდს ასახელებენ, მაშინ როცა ადრე ამავე საქმეს კვირაზე ნაკლები დრო სჭირდებოდა.

გაგა ისაკაძემ ისიც გვითხრა, რომ კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, სამუშაო ადგილები არ შემცირდება, უსაფრთხოების ნორმების სრულყოფის შემდეგ ქვანახშირის მოპოვებას 1 200 000 ტონამდე გაზრდიან და, გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობასაც გეგმავენ.

ტყიბულის მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებს 12 წლის განმავლობაში ფლობდა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელმაც 2019 წლის შემოდგომაზე აქტივები გადასცა უკრაინულ-ქართულ ბიზნესჯგუფს Steel International Trade Company-ს.

ტყიბულის შახტები 2018 წლის ივლისში დაიხურა საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, რასაც წინ უძღოდა 4 მაღაროელის დაღუპვა. შახტებმა მუშაობა არასრული დატვირთვით 2019 წლის ოქტომბრიდან განაახლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG