Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძემ ილაპარაკა ინფიცირებული მოქალაქის მარშრუტსა და თანმხლები პირების შესახებ


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის მარშრუტის შესახებ.

„მოქალაქე საქართველოში ტრანსპორტით არ შემოსულა. ის ირანიდან მგზავრობდა საქართველოს მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით. როდესაც აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე დაუფიქსირდა გარკვეული სიმპტომები, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მეშვეობითა და შესაბამისი ეკიპირებით გადმოყვანილ იქნა შესაბამის ცენტრალურ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

შეკითხვაზე, სხვა ადამიანები, რომლებიც იგივე მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები? ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილია, მაგრამ ყველა დეტალის დაზუსტებამდე ამის შესახებ ღია ეთერში საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

რაც შეეხება აღნიშნული პირების მდგომარეობას, როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, რამდენიმე ადამიანი, ვინც ინფიცირებულ პირთან ერთად მგზავრობდა, აზერბაიჯანში კარანტინში იმყოფება. მასთან ერთად მყოფი ერთი ადამიანი კი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოშია, მაგრამ კორონავირუსზე უარყოფითი რეაქცია აქვს.

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს მუშაობის მთავარი სიმძიმე გადადის დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამის გუნდებზე, რომლებიც შეისწავლიან უფრო დეტალურად ამ ადამიანის ეპიდანამნეზს, ირანიდან დაწყებული, ვისთან ჰქონდა კონტაქტი და მიიღება შესაბამისი ზომები.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ინფექციის დაფიქსირების პირველივე წუთებიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისმა სამსახურებმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დაიწყო მუშაობა კონტაქტების გამოსავლენად. მისი თქმით, ეს კონტაქტები იწყება ირანიდან, რომელ ქალაქებშიც ეს ადამიანები იმყოფებოდნენ. ამასთან, აზერბაიჯანის შესაბამის სამსახურებს ცენტრი ინფორმაციას დღეს ღამით მიაწვდის.

„გარდა ამისა, ხელმომწერები ვართ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების, რომელიც გულისხმობს, რომ პირველი ინფექციის დადასტურების შემდეგ მალევე უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“, - თქვა გამყრელიძემ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი დანარჩენი ადამიანების მდგომარეობას, ამირან გამყრელიძის თქმით, 12-ის შემთხვევაში კორონავირუსზე იყო უარყოფითი რეაქცია, ორ შემთხვევაში დაფიქსირდა B ტიპის გრიპი, ორ ადამიანს კი რენოვირუსული ინფექცია აქვს.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

რეკომენდაციები ამირან გამყრელიძისგან
please wait

No media source currently available

0:00 0:02:58 0:00

XS
SM
MD
LG