Accessibility links

როგორ მოიშორა ივანიშვილმა უკანონო მშენებლობა თბილისის ცენტრში 


მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა ქონება, რომელსაც თბილისის ცენტრში თვეების განმავლობაში უნებართვოდ აშენებდა. გამორჩა თუ თვალს ხუჭავდა თბილისის მერია უკანონო მშენებლობაზე დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში?

თბილისში, ორბელიანის მოედანთან, ვეკუას ქუჩა #3 ში, მიწისქვეშა ავტოსადგომის თავზე, შენდება ერთსართულიანი შენობა, რომელსაც თავზე შუშის ანტრესოლი ადგას.

ნაგებობას, რომელიც თითქმის დასრულებულია, შპს “საყვავილე” აშენებს. ეს კომპანია საჯარო რეესტრში 2019 წლის 6 თებერვალს დაარეგისტრირა სააქციო საზოგადოება “სმს“-მ. თავის მხრივ, “სმს-ს” ფლობს საქართველოს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის “ბანკი ქართუ”. ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება “ბანკ ქართუში” იპოთეკითაა დატვირთული.

ესკიზის მიხედვით, შენობაში ძირითადად კაფეები და რესტორნები განთავსდება. ნაგებობის მნიშვნელოვან ნაწილს დაიკავებს გამწვანებული ტერასები, რომლებიც “უკავშირდებიან გარე სარეკრეაციო ტერიტორიებს დახრილი ბაქნებისა და კიბის მეშვეობით. ტერასებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება როგორც შიდა სივრცეებიდან, ასევე ქუჩიდან”.

ერთი კვირის წინ შპს “საყვავილე” ბიძინა ივანიშვილმა ისე გაყიდა, რომ მშენებლობაზე ნებართვა არ აუღია. ის, რომ კომპანიას მშენებლობის უფლება არ ჰქონდა, რამდენიმე დღის წინ გაირკვა. ამის შესახებ, თავდაპირველად ინფორმაცია ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თბილისის საკრებულოს წევრმა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ამბავი გააშუქა “მთავარმა არხმა”. შემდგომ კი იგივე დაადასტურა მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ. მან თქვა, რომ “საყვავილე” ნებართვის მიღების პროცედურას მშენებლობის პარალელურად აწარმოებდა, რაც უკანონოა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა სანქციად ითვალისწინებს უკანონოდ აგებული შენობის დემონტაჟსაც, მერის მოადგილე ამბობს, რომ კომპანია უნებართვო მშენებლობისთვის დაჯარიმდება, პარალულურად კი მშენებლობაზე ნებართვას მაინც მიიღებს.

“თბილისის მუნიციპალიტეტს ზოგადად ახასიათებს, კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოს კანონის გვერდის ავლით, როცა საქმეში მაღალი პოლიტიკური ინტერესია ჩარეული”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” წარმომადგენელი ანანო ცინცაბაძე. ის განმარტავს, რომ, ამავე დროს, მუნიციპალური ინსპექცია არაეფექტური სტრუქტურაა, ვერ მოიცავს მთლიანად ქალაქს, და “ძალიან ბევრი დარღვევა გამორჩებათ ხოლმე”.

ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტი ლევან ხაბეიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მერიამ იცოდა უკანონო მშენებლობის შესახებ, რადგან ეს ხდებოდა თბილისის ცენტრში, ისტორიულ ნაწილში:

“გლდანში მიუვარდნენ ხალხს და 12 კვადრატული დაუნგრიეს, უკანონოაო. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ისტორიულ ზონაში მილიარდერი ოლიგარქი აშენებს სამსართულიან შენობას უნებართვოდ”.

უკანონო მშენებლობებისთვის ჯარიმები იმდენად დაბალია - რამდენიმე ათასი ლარი - რომ, ხშირად, ინვესტორს უღირს დაიწყოს უკანონო მშენებლობა და რაღაც მომენტში გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა.

“როგორც წესი, პრაქტიკაში, დემონტაჟს ცდილობენ, რომ თავი აარიდონ. მოლაპარაკებებით ცდილობენ, რომ შეუთანხმონ ინვესტორს ან მშენებელს, რომ როგორმე მან მოახერხოს ამ მშენებლობის გამართლება და სამართლებრივად დასაბუთება”, - ამბობს ანანო ცინცაბაძე.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურთან - რომელიც წყვეტს სანქციის ზომას და სახეს - დაკავშირებას რადიო თავისუფლება უშედეგოდ ეცადა.

2020 წლის 21 თებერვალს “საყვავილე” ბიძინა ივანიშვილმა 1 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. დღეს, საჯარო რეესტრში ამ კომპანიის 100%-ის მფლობელად გიორგი ჭყონიაა მითითებული.

გიორგი ჭყონიამ 2016-2018 წლებში, 180 000 ლარი შესწირა ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ პარტია “ქართულ ოცნებას” და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ჭყონია, ასევე, ქართუ ჯგუფის იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან, ალა კახნიაურთან ერთად ფლობს წილს შპს “კრიპტო ჰოუმ მენეჯმენტში”.

პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მან განცხადებით 26 თებერვალს მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG