აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი იმედოვნებს, რომ 2020 წლის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება დაკავებებისა და დაკავებებზე მუქარის გარეშე მიიღწევა. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
"[თუ არ იქნება პროგრესი] ვფიქრობ, ის, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება", - განმარტა კინზინგერმა.
მანამდე მან ამერიკის ხმასთან "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებაზეც ისაუბრა.
"ძალიან შევშფოთდი, როცა ჩვენთან მოვიდა ხმები, რომ ეს [უგულავას დაპატიმრება] მოხდებოდა. ჩემი პოზიცია "ქართულ ოცნებას" და ლიდერებს ძალზედ ნათლად გავაცანი, ვუთხარი, რომ ეს საშინელი და ძალიან ცუდი იქნებოდა", - თქვა მან.
საქართველოს პარლამენტში მომავალი არჩევნების სრულად პროპორციულ წესზე გადასვლის ჩავარდნის შემდეგ მმართველი პარტია დატოვა 10-ზე მეტმა წევრმა და გაგრძელდა საპროტესტო აქციები. ამავე პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი კრიტიკული წერილი მიიღო კონგრესმენებისგან. მათ შორის იყო ადამ კინზინგერიც.