Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში, საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობის მატებასთან დაკავშირებით, იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები: (+39 33) 3887-91-23; (+39 35) 0131-21-31; (+39 35) 0148-31-14.

„საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებსა და რეკომენდაციებს“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ, საქართველოს საელჩო იტალიაში მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებსა და რეკომენდაციებს.

„რესპირატორული სიმპტომების აღმოჩენის დროს (მაღალი სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი) იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, გთხოვთ, თვითნებურად არ გამოცხადდეთ სამედიცინო დაწესებულებებში. დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე:
განსაკუთრებული აუცილებლობის დროს - 112 და 118“, - მითითებულია განცხადებაში. საქართველოს საელჩო იტალიაში აქვეყნებს ასევე ცხელი ხაზის ნომრებს რეგიონების მიხედვით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიპლომატიური მისია და საკონსულო დაწესებულება, რომელიც კორონავირუსის(COVID-19)აქტიური გავრცელების ზონაში მდებარეობს, დამატებით ცხელი ხაზის ახალ ნომრებს გახსნის.

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) 9 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 7 ინფიცირებული იტალიაში იმყოფებოდა. ახალი კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს ერთ მოქალაქესაც. იგი რომის საავადმყოფოში მკურნალობს.

XS
SM
MD
LG