რუსეთის საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრი ვარდნა შეინიშნება მას მერე, რაც გუშინ მკვეთრად დაეცა ფასები ნავთობზე, რასაც აქციების ვარდნა მოჰყვა მსოფლიო საფონდო ბირჟებზე. RTS index-ი 16%-ით დაეცა ბირჟის გახსნისას და მოგვიანებით ოდნავ გამოსწორდა. რუბლის კურსი 5%-ზე უფრო მეტით დაეცა და ამჟამად 72-ს მიაღწია დოლართან მიმართებით.
რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ნავთობის ომის საფრთხის გამო 9 მარტს მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ყველაზე დიდი ვარდნა აღინიშნა უკანასკნელ ათ წელზე უფრო მეტი ხნის განმავლობაში. ნავთობის ბაზრებისთვის შოკი იყო რუსეთის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების, OPEC-ის შეთანხმება. ნავთობის ფასები 30%-ით დაეცა და ბარელი ნავთობის ფასმა 31 დოლარს მიაღწია.
საფონდო ბირჟები უკვე მძიმე ვითარებაში იყო კორონავირუსის გავრცელების გამო. ამჟამად დაავადება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია რეგისტრირებული. აღრიცხულია 110 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რიცხვმა 4000-ს გადააჭარბა.
გუშინდელი მძიმე დანაკარგების შემდეგ დღეს ევროპის საფონდო ბირჟებმა მცირე მოგებით დაიწყეს მუშაობა.