Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი პრეზიდენტად 2036 წლამდე - რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები


რუსეთის სახელმწიფო დუმამ 382 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, 10 მარტს მეორე მოსმენით მიიღო პრეზიდენტის კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომელსაც იანვრიდან დაწყებული, რამდენიმე ახალი ფორმულირება დაემატა.

დღევანდელ კენჭისყრამდე რუსეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა, კოსმონავტმა ვალენტინა ტერეშკოვამ მოითხოვა დამატებითი შესწორების შეტანა, რაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აძლევს უფლებას, კენჭი იყაროს შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებშიც - მისი წინანდელი საპრეზიდენტო ვადების „განულების“ გზით.

ვლადიმირ პუტინი, სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლის დროს, ამ შესწორებას დაეთანხმა, რაც კენჭისყრითაც დამტკიცდა. მესამე მოსმენა შესწორების კანონიერებას შეისწავლის რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის თანხმობის შემთხვევაში, პუტინს, არჩევნებში გამარჯვების შედეგად, 2036 წლამდე შეეძლება პრეზიდენტად დარჩენა.

რუსეთის კომუნისტების 44-კაციანმა ფრაქციამ კენჭისყრაზე თავი შეიკავა.

კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 23 იანვარს მიიღო პირველი მოსმენით. თებერვლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა მასში კიდევ რამდენიმე დამატება შეიტანა, მათ შორის არის ცვლილება ღმერთის ხსენების, რუსული ენის, როგორც „სახელმწიფოს შემქმნელი ხალხის“ ენისა და „ისტორიის ფალსიფიკაციის“ დაუშვებლობის შესახებ.

სახელმწიფო დუმის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, 22 აპრილს გაიმართება საყოველთაო სახალხო კენჭისყრა.

პუტინის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით მას სურს საპრეზიდენტო ძალაუფლების შენარჩუნება განუსაზღვრელი ვადით.

ვლადიმირ პუტინი ზედიზედ მეორე ვადით, მთლიანობაში კი მეოთხედ იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე. კონსტიტუციის თანახმად, პუტინის საპრეზიდენტო ვადა იწურება 2024 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG