Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან საქართველოში შემოსვლა მკაცრდება


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთან და ავსტრიიდან საქართველოში შემოსვლა მკაცრდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პერმიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

საქართველოს საზღვრის კვეთის დროს გამკაცრებულ რეჟიმს დაექვემდებარებიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხო ქვეყნის რეზიდენტები. ამ წესის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქე 14-დღიან სავალდებულო საკარანტინე რეჟიმს გაივლის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა კი კორონავირუსზე ტესტის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ. სხვა შემთხვევაში ისინიც კარანტინში მოხვდებიან.

ამ დრომდე მსგავსი შეზღუდვა იტალიაზე, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაზე მოქმედებდა.

წესები, რომელიც რეგულაციების გამკაცრების შემდეგ მოქმედებს:

  • ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა;
  • საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა ფიქსირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG