Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის გადაწყვეტილებით იზღუდება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა


პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონულ დონეზე აღსრულება გუბერნატორებს დაავალა, ინფორმაციას ამის თაობაზე პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერის განცხადებით, ქვეყანა ვირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური, კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ადგილზე თქვენ მზად იყოთ რამდენიმე კრიტიკული ფუნქციის შესასრულებლად. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, როგორიცაა რესტორნების, ფიტნესკლუბების თუ სპაცენტრების მუშაობის შეჩერება, მათი სასწრაფოდ აღსრულება რეგიონულ დონეზე, რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, თქვენი პასუხისმგებლობაა“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე იზღუდება როგორც რეგიონებში, ისე საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.

პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტურად იყოს აღსრულებული გადაწყვეტილება, ისევე როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია.

ამ პროცესში სახელმწიფო რწმუნებულები შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმოქმედებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG