ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო და 2021 წელს, 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება. უეფას ვიდეოკონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება პირველმა ნორვეგიის საფეხბურთო ასოციაციამ გამოაქვეყნა, „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ვიდეოკონფერენცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრების ბედი უნდა გადაწყდეს. მათ შორის, უეფას ერთა ლიგის პლეი ოფებისაც, რაც ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალშია და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ორი თამაშის მოგება აშორებს.