Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენ პროცენტს კლავს კორონავირუსი? - დამაიმედებელი პროგნოზებიც არსებობს


  • დღევანდელი ოფიციალური მონაცემები სიკვდილიანობის შესახებ, დიდი ალბათობით, არასწორია
  • ზუსტად არც ინფიცირებულთა და არც გარდაცვლილთა რაოდენობა ვიცით
  • ექსპერტების აზრით, დროთა განმავლობაში სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად დაიწევს

ბოლო დღეებში შეგხვდებოდათ კარგად გაფორმებული ჩარტები ან ინფოგრაფიკები, სადაც თვალსაჩინოდაა ასახული COVID-19-ის შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკა. ბევრგან სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი ქვეყნების ან ასაკის მიხედვითაა ხოლმე დაყოფილი.

მათი უმეტესობა მცდარია - ასეთია არაერთი ექსპერტის პოზიცია.

საქმე ის კი არაა, რომ ამ ჩარტების ავტორები საეჭვო წყაროებს ეყრდნობიან. პრობლემა, ექსპერტების აზრით, სწორედ ოფიციალურ მონაცემებშია, რომლებიც, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვნადაა აცდენილი რეალობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური შეფასებით, მაგალითად, კორონავირუსის დოკუმენტირებული შემთხვევებისას გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 3.4-ია. ეს შემზარავი, მაგრამ ამავე დროს არაფრისმთქმელი სტატისტიკააო - ნათქვამია ჯანდაცვაზე ორიენტირებულ გავლენიანი გამოცემა Statnews-ის 17 მარტის სტატიაში. ამ მოსაზრებაში ავტორი ამტკიცებს, რომ „პანდემიის პირობებში გადაწყვეტილებებს სანდო მონაცემების გარეშე ვიღებთ“ და რომ დღეს დანამდვილებით ვერავინ იტყვის, თუ როგორია სიკვდილიანობის რეალური სტატისტიკა. თუნდაც იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები სრულიად განსხვავებულ სურათს გვაჩვენებს.

წესით, ამ მაჩვენებლის დადგენა იოლია - სიკვდილი / შემთხვევების საერთო რაოდენობაზე. თუმცა, დღეს, არც ერთი, არც მეორე ცვლადის შესახებ სანდო მონაცემები არა გვაქვს. მეორიდან დავიწყოთ.

რა არ ვიცით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ

ერთი პრობლემა ისაა, რომ ბევრ ქვეყანაში უბრალოდ არ იციან, რამდენი ადამიანია ინფიცირებული. ამის მიზეზები განსხვავებულია. აშშ-ში, მაგალითად, კორონავირუსზე ტესტირებას ძალიან ცოტას უტარებენ - ზუსტად ისიც კი არავინ იცის, თუ რამდენს (ვარაუდობენ, რომ ასე, 40 ათასი ადამიანი შეამოწმეს. ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კი მილიონობით ტესტის ჩატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს).

იტალიაში კი ჯანდაცვის სისტემა ისეა გადატვირთული, რომ ბევრი, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა, მაგრამ თავს ცუდად არ გრძნობდა, ექიმს არც მიმართავდა და, შესაბამისად სტატისტიკაში არ ხვდებოდა. ამ მხრივ ვითარება იცვლება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში აგრესიული ტესტირება დაიწყო, თუმცა კორონავირუსით ინფიცირებულთა ზუსტი, რეალური რაოდენობა იქაც უცნობია.

საკითხს ამწვავებს ისიც, რომ ბევრ ქვეყანაში ტესტებს, როგორც წესი, მხოლოდ მათ უტარებენ, ვისაც დაავადების მკვეთრი სიმპტომები აქვთ და ხშირად სტატისტიკის გარეთ რჩებიან ისინი, ვისაც სიმპტომები მსუბუქად ან საერთოდ არ აღენიშნებათ.

ეს პრობლემა დროთა განმავლობაში გადაიჭრება - მას შემდეგ, რაც მეტი ქვეყანა დაიწყებს აგრესიულ ტესტირებას და უკეთ დათვლიან ინფიცირებულთა რაოდენობას. თუმცა, მანამდე, მსოფლიოში კორონავირუსის მატარებელთა რაოდენობის ვარაუდიც კი რთულია და ეს ძალიან ართულებს სიკვდილიანობის ზუსტი პროცენტის გამოთვლას. თითქოს ვიცით, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ არ ვიცით, რაზე უნდა გავყოთ ეს რიცხვი.

„თითქოს“ კი იმიტომ, რომ ამ მხრივაც ბევრი პრობლემა გვაქვს.

რა არ ვიცით სიკვდილის მიზეზების შესახებ

16 მარტს ესპანეთში გარდაიცვალა ბავშვ ფეხბურთელთა მწვრთნელი, 21 წლის ფრანცისკო გარსია - როგორც არაერთი სტატიის სათაურში იყო ნახსენები, კორონავირუსისგან. გარსია საავადმყოფოში მართლაც COVID-19-ის სიმპტომებით მიიყვანეს. გამოკვლევებისას კი მას კორონავირუსის გარდა ლეიკემიაც დაუდგინდა - რომლის შესახებაც თავად არ იცოდა. ვერავინ იტყვის ზუსტად, გადარჩებოდა თუ არა ის, მაგალითად, ჩვეულებრივი გრიპი რომ შეყროდა - ბევრისთვის მსუბუქი დაავადება ხომ ხშირად მომაკვდინებელია დასუსტებული იმუნური სისტემის მქონეებისათვის.

იტალიის ჯანდაცვის ეროვნული უწყების 18 მარტის მონაცემებით, ამ ქვეყანაში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა 99 პროცენტზე მეტს სხვა დაავადებაც აღენიშნებოდა (თითქმის ნახევარს 3 ან მეტი დაავადება). ჯერჯერობით არა გვაქვს მონაცემები, თუ რა სირთულის იყო ეს დაავადებები და, შესაბამისად, არ ვიცით, რა როლი ითამაშა მათ სიკვდილში სწორედ კორონავირუსმა. ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვან სურათს მოგვცემდა - ერთია, როდესაც ინფექცია კლავს დიაბეტით დაავადებულ, მაგრამ სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანს. სხვა არის, როდესაც კვდება დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ავადმყოფი, რომლისთვისაც ჩვეულებრივი გრიპი ან გაციებაც შეიძლება სახიფათო აღმოჩენილიყო.

იტალიის შემთხვევაში, სადაც ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა, ასევე მნიშვნელოვანია პასუხი შეკითხვაზე - როგორი იქნებოდა სიკვდილიანობა ნაკლებად გადატვირთული საავადმყოფოების, დასვენებული ექიმების და ნორმალური სტრესის პირობებში? ანუ, როგორი იქნება კორონავირუსის სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი, თუ ეპიდემიის გარკვეულ დონეზე შეკავება მოხერხდა?

შედარებით დამაიმედებელი პროგნოზები

პირველ რიგში, არავინ ჭკუათმყოფელი არ ამბობს, რომ შიშები კორონავირუსთან დაკავშირებით გადაჭარბებულია. პირიქით, იტალიაში მომუშავე ექიმები საშინელებებს ჰყვებიან იმაზე, თუ რა ჯოჯოხეთი შეიძლება გამოიწვიოს COVID-19-ის უკონტროლო გავრცელებამ.

თუმცა, ბევრი პროფესიონალი ასევე ამბობს, რომ ამჟამინდელი ვარაუდები კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ მნიშვნელოვნადაა გაზვიადებული და ეს მაჩვენებელი საგრძნობლად დაიწევს, როდესაც უკეთ გვეცოდინება დაავადებულთა საერთო რაოდენობა.

დიდი ბრიტანეთის მთავარი მრჩეველი კრის უიტი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი დაავადებულთა 1 პროცენტს ან ნაკლებს კლავს - რისკის უდიდესი ნაწილი მოხუცებულებზე მოდის, მაგრამ 80 წელს გადაცილებულთა 90 პროცენტი გადარჩებაო. (ცხადია, ეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ნორმალურად მუშაობს.)

უფრო დამაიმედებელი პროგნოზებიც არსებობს. ამერიკელი ექიმი დევიდ კრეიგი Sprucehealth-ზე გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევების ოფიციალურ მონაცემებს აანალიზებს და ასკვნის, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 50 წლამდე პაციენტებში ოდნავ აღემატება გრიპისას (50 წელს გადაცილებულთათვის რისკი გრიპთან შედარებით უფრო მაღალია, მაგრამ არც კოლოსალურად მაღალი).

კიდევ ერთხელ, არც ამ ოპტიმისტური პროგნოზების ავტორები ამბობენ, რომ ვინმეს მოშვების ან ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების რჩევების უგულებელყოფის საფუძველი აქვს.

„ხელი საპნით დაიბანეთ, სახლში დარჩით და მოხუცებს გაუფრთხილდით“, - წერს დევიდ კრეიგი და ამატებს - „სხვა მხრივ, მშვიდად იყავით. სიკვდილის ძალიან მცირე ალბათობაა“.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG