Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთი რეგიონებს შორის მიმოსვლას კრძალავს, მაგრამ ხელისუფლება კორონავირუსს არ ახსენებს


თურქმენეთმა დაკეტა დედაქალაქი აშხაბადი. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ისე მიიღო, რომ მის შესახებ არ განუცხადებია. ამის თაობაზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტები იტყობინებოდნენ 19 მარტს. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ სატვირთო მანქანები, რომლებსაც სურსათი ან სხვა პროდუქტი გადაჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პროვინციებს შორის შეწყვეტილია მიმოსვლა, გზატკეცილებზე მოწყობილია გამშვები წერტილები. აშხაბადში, 20 მარტის დილით, ბევრმა აკრძალვის შესახებ ქალაქის შესასვლელებთან მისვლის შემდეგ შეიტყო.

რადიო თავისუფლების ხელთ არსებული დოკუმენტის თანახმად, სამედიცინო პერსონალს ევალება შეამოწმოს თვითმფრინავების, მატარებლების და ავტობუსების მგზავრების სხეულის ტემპერატურა.

მათ, ვისაც სიცხე ან სხვა სიმპტომი აქვთ, არ აძლევენ სატრანსპორტო საშუალებაში ასვლის უფლებას და მახლობელ საავადმყოფოებში გადაჰყავთ. მსგავს პროცედურას გადიან კერძო ავტომობილების მგზავრები.

თურქმენეთს ოფიციალურად არ აღუნუსხავს კორონავირუსით დაავადების არცერთი შემთხვევა. ოფიციალური პირები უარყოფენ ცნობას, რომ მარტის დასაწყისში სულ მცირე ორი ინფიცირებული პირი მოათავსეს კარანტინში. ზომები უკავშირდება მეზობელ ქვეყნებში, ირანში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ავღანეთში ვირუსის გავრცელებას.

კარანტინის შემდეგ შინ გაშვებულები მოვალენი არიან, პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში რეგისტრაცია გაიარონ.

პროვინციებს შორის მიმოსვლა მხოლოდ საგანგებო მიზეზებითაა დასაშვები. მგზავრებმა უნდა იქონიონ ხელისუფლების მიერ გაცემული დამადასტურებელი საბუთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG