Accessibility links

მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადის - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 მარტს


გიორგი გახარია: მომზადების მიუხედავად, სიტუაცია საკმაოდ რთულია

გუშინ გვიან ღამით პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანა უკვე COVID-19-ის შიდა გადაცემის ეტაპზე გადავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოვლენილია შემთხვევა, როდესაც დაკარგულია კვალი და ვერ დგინდება, ვისგან გადაედო პაციენტს კორონავირუსი.

საუბარია ერთ-ერთ ბოლო შემთხვევაზე, რომელიც ამ განცხადებამდე 12 საათით ადრე დაუდასტურდა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მზადყოფნის მიუხედავად, სიტუაცია საკმაოდ რთულია.

„ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს და სიტუაცია არის რთული. ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებული და რომლისთვისაც ჩვენ მაქსიმალურად ვართ მომზადებული. თუმცა ყველა ამ მომზადების მიუხედავად, სიტუაცია საკმაოდ რთულია“, - განაცხადა გახარიამ.

ამგვარად, დღეს დილიდან საგანგებო ზომები შევიდა ძალაში მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლებისთვის. იკრძალება ყველა სახის შესვლა და გამოსვლა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. პრემიერის თქმით, ხვალიდან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები კარდაკარ ივლიან იმისათვის, რომ გამოავლინონ საეჭვო შემთხვევები.

საქართველო: კორონავირუსით ინფიცირებული სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

  • დადასტურებული შემთხვევა - 54
  • კარანტინის რეჟიმში - 2956
  • სტაციონარში - 291
  • გამოჯანმრთელებული - 3

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა შორის სამის მდგომარეობა მძიმეა. მათგან ორი ასაკოვანი ქალია, ხოლო მესამე შუახანს გადაცილებული პირია, რომელიც გუშინ დაემატა დანარჩენ ინფიცირებულებს. 22 მარტს დილით 5 პაციენტს დაუდასტურდა ვირუსი.

იტალია კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით კი პირველ ადგილზე რჩება ევროპაში და მეორეზე მსოფლიოში, ჩინეთის შემდეგ. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის 22 მარტის მონაცემებით, იტალიაში COVID-19-ის ვირუსი დაუდგინდა 53 ათასზე მეტ ადამიანს. სასიკვდილო აღმოჩნდა 4825 შემთხვევა. ხოლო 6072 პაციენტი განიკურნა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ანგელა მერკელი კარანტინში მიდის. გერმანიის კანცლერის იზოლაცია მას მერე გახდა საჭირო, რაც მას კორონავირუსით დაავადებულ ექიმთან კონტაქტი ჰქონდა. მერკელი მუშაობას შინიდან გააგრძელებს.

წაიკითხე მეტი.

საკვირაო წირვა ეკლესიებში საგანგებო მდგომარეობის ფონზე

22 მარტს საკვირაო ქადაგების დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მითითება, ერთმანეთს შორის დისტანციის დაცვაზე, ეკლესიაში მისული მოქალაქეების ნაწილმა გაიზიარა. ასე ხდებოდა სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც პატრიარქმა იქადაგა. სტიქაროსნები მოქალაქეებს მუდმივად მოუწოდებდნენ, შორი-შორს დამდგარიყვნენ და ხატებსა და ჯვრებს შეხების შემდეგ წმენდნენ.

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე მრევლს უთხრა, რომ დისტანციით დგომაზე რეკომენდაცია ადვილი შესასრულებელია. თუმცა, მოგვიანებით, როცა პატრიარქმა ქადაგება დაიწყო, სამებაში უცვლელი სახით ჩატარდა ერთი კოვზით ზიარება. ზიარებისთვის მისული მრევლი რიგს აღარ იცავდა და პატრიარქის ხილვის სურვილით ერთმანეთთან ახლოს, დისტანციის დაცვის გარეშე იდგნენ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეს ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

სამ გამოჯანმრთელებულ და გაწერილ პაციენტს დღეს კიდევ 5 დაემატება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ თქვა.

გუშინ პაციენტების ამ ჯგუფზე ჩატარებულმა ტესტმა ახალ კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. მარინა ენდელაძემ აღნიშნა, რომ მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე მძიმეც კი იყო.

ამგვარად, დღეისთვის საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 8-მდე გაიზრდება.

ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებში

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში კვირას ჩატარებულ პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, იმარჯვებს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ასლან ბჟანია.

84 ათასი ბიულეტენის გადათვლის შედეგად 57%-ით ლიდერობს ასლან ბჟანია.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, მეტოქეს გამარჯვება უკვე მიულოცა სახელისუფლებო კანდიდატმა, სოხუმის ვიცე-პრემიერმა, ადგურ არძინბამ

საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურად და საერთაშორისო კანონმდებლობის უხეშ დარღევად აფასებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნების გამართვას.

წაიკითხე მეტი.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის წერილი კარანტინიდან

COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოს ერთიანობა შემატა. ჩაკეტილი საზღვრების, კარანტინებისა თუ „კლასტერების“ მიუხედავად, ახალმა კორონავირუსმა, რომელიც არ ცნობს საზღვრებს, არ ცნობს მსოფლიოს დაყოფას „უფრო მნიშვნელოვან“ და „ნაკლებად მნიშვნელოვან“ ქვეყნებად, ადამიანები დააახლოვა და გააერთიანა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ ვითარებაში ძალაუნებურად გვიწევს გახსენება, რომ სიკვდილი სუსტსაც და ძალგულოვანსაც ერთნაირად ასწორებს. ასეა იმიტომაც, რომ წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, ამ ეტაპზე ადამიანების შეთანხმებული ქმედება არის მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება.

ასევე მნიშვნელოვანია მორალური თანადგომა და სოლიდარობა. საერთო პრობლემასთან გასამკლავებლად გზების ძებნაში ერთმანეთს რჩევებს უზიარებენ და ამხნევებენ სხვადასხვა ქვეყნის თუ კუთხის ადამიანები.

მაგრამ არა მხოლოდ თანამედროვეებს თანავუგრძნობთ და ვუხმობთ დახმარებისთვის. ვეძებთ „დიაქრონულ“ ანალოგიებსაც ისტორიაში, კულტურაში, ლიტერატურაში, რათა კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენი დღევანდელი გამოცდილების ჩარჩოები; რათა სახიფათო სენის პირისპირ მდგომებმა კიდევ უფრო ნაკლებად ვიგრძნოთ თავი განმარტოებულად.

სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ეპიდემიებთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს, ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, ნაწყვეტებს იმ ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებიიდან, რომლებსაც სასიკვდილო ეპიდემიამ მოუსწრაფა სიცოცხლე...

ამ დღეებში პოპულარობა მოიპოვა ერთმა ასეთმა პუბლიკაციამ - ცნობილი ამერიკელი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის სახელით მეგობარი ქალისადმი მიწერილმა წერილმა კარანტინიდან, რომელშიც ფიცჯერალდი 1920 წელს იმყოფებოდა სამხრეთ საფრანგეთში. მაშინ მსოფლიოში ავადსახსენებელი „ესპანური გრიპი“ მძვინვარებდა. წერილი შესანიშნავია, თუმცა მას ერთი „ნაკლი“ აქვს.

წაიკითხე მეტი.

▪️ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები კორონავირუსის გამო „საერთაშორისო დამკვირვებლების“ გარეშე ჩატარდება.
▪️ რა ვითარებაა დღეს აფხაზეთში? რა ვიცით ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებად მიგვაჩნია?
▪️ საუბარი ადამიანებთან, რომლებიც ისევ და ისევ აფხაზებთან დიალოგისკენ და, რაც მთავარია, კომპრომისისკენ მოგვიწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG