Accessibility links

სოზარ სუბარი: მარნეული და ბოლნისი საქართველოს უჰანი არ გახდება


"მარნეული და ბოლნისი საქართველოს უჰანი არ გახდება", - ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩაკეტილ მარნეულისა და ბოლნისის მუნციპალიტეტებზე მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სჯობს რაიმე ზომა გადამეტებული იყოს, ვიდრე გაუთვალისწინებელი შედეგი დადგეს.

"ქვემო ქართლში და ზოგადად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნა არ არის მაღალი, ინფორმაცია აქვთ, თუმცა არა იმ დონით, როგორც საქართველოს სხვა ტერიტორიებზე", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობები შესაძლოა, ინფორმაციას იღებდნენ მეზობელი ქვეყნების არხებიდან და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია არ იყოს მათთვის სანდო.

"რაც საგანგებო მდგომარეობის ინფორმაცია გავრცელდა და რაც კარანტინის ზომები იქნა მიღებული ამ ორ მუნიციპალიტეტში, ინფორმაცია ყველასთვის დასაჯერებელი გახდა და უფრო მეტი ყურადღება მიექცა", - განმარტა მან.

კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგებმა გადაცემის წყარო ჯერჯერობით ვერ დაადგინეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 54-მდეა გაზრდილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG