რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ასლან ბჟანიას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაცია კრემლის საიტზე გამოქვეყნდა.
„არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვის პირობებში, მოწმობს, რომ თქვენ მაღალი ავტორიტეტით სარგებლობთ თანამემამულეებს შორის. ვთვლი, რომ თქვენი, როგორც სახელმწიფო მეთაურის მოღვაწეობა, ხელს შეუწყობს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას საერთაშორისო არენაზე“, - განაცხადა პუტინმა.
მან ასევე გამოხატა მზადყოფნა რუსეთ-აფხაზეთს შორის სამომავლო ურთიერთობების გასაღრმავებლად.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა ხმების 56,5%-ით.
საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთში გამართულ ნებისმიერ არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებენ.