რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუს COVID-19-ის ტექსტირება არ წარმოებს და პროცესს მთლიანად აკონტროლებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ლუგარის ლაბორატორია.
"მას შემდეგ, რაც გადავალთ სწრაფ ტესტირებაზე, ჯერჯერობით ასეა განსაზღვრული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო შეიცვლის სტატუსს და მივიღებთ პაციენტებს, რომლებსაც მოიყვანს სასწრაფო დახმარების სადგური, ანუ ეს იქნებიან ადამიანები დატვირთული ეპიდანამნეზით, მაღალი ან საერთოდ, ცხელებით, ან სხვა სიმპტომებით, რაც ახასიათებს კორონავირუსს და შემდეგ მომზადებულ პაციენტებს სხვა კლინიკაში გადაიყვანენ", - განაცხადა ლევან გოფოძემ.
მისი სიტყვებით, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 47 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. მათგან ერთი, მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას დადგენილი აქვს ორმხრივი პნევმონია, თირკმლის უკმარისობა და რიგი თანმხლები დაავადებები. გუშინ ჩაუტარდა ტესტირება და აღმოჩნდა, რომ ნეგატიურია კორონავირუსზე. მისი მდგომაროება გაუმჯობესდა და კლინიკის დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, იმედია, რომ "თავს გაართმევენ".
რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, კლინიკის დირექტორის განცხადებით, რამდენიმე დღეს გაეწერება.
კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ ჰყავთ. გუშინ 4-ს პაციენტს აუღეს ანალიზი და დღეს დამატებით 5-ის ანალიზი გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.
24 მარტის შუადღის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 67 შეადგინა. გამოჯანმრთელებულია 9.