Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კორონა რომ გაივლის, წამოვა ვირუსი კურდღელაური“


კურდღელაურის სარწყავი არხი
კურდღელაურის სარწყავი არხი

„კორონა რომ გაივლის, შემდეგ წამოვა ახალი ვირუსი - ვირუსი კურდღელაური, ან რაღაც მსგავსი სახელწოდებით“, - დღეს ამ სიტყვებით აღწერს „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენელი კახეთის რეგიონში, ნუგზარ გაბუნია იმ პრობლემას, რომელიც ათ წელზე მეტია აწუხებს თელავის მუნიციპლიტეტის სოფელ კურდღელაურს.

სუნია, ფანჯარა ვერ გაგვიღია. ახლა რომ დაცხება კიდევ უფრო გაუსაძლის პირობებში ვიქნებით. ბავშვები როგორ უნდა გამოვიდნენ გარეთ?!

ნუგზარ გაბუნია გვეუბნება, რომ ქალაქ თელავის ამორტიზებული წყალარინების, ანუ საკანალიზაციო სისტემის გამო, ფეკალური მასები სოფელ კურდღელაურში გამავალ სარწყავ არხში ღიად ჩაედინება, რაც ანტისანიტარიის გარდა, შესაძლოა, სხვადასხვა ინფექციის გავრცელების წყარო გახდეს.

„მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, პრობლემის შესახებ არაერთ შესაბამის უწყებას აცნობა, დაპირებაც მიიღო, თუმცა უშედეგოდ: „ნება, რომ იყოს გაკეთდებოდა, მაგრამ საქმე არ იძვრება. ახლა გაზაფხულია, ბავშვები გამოიპარებიან სახლებიდან და ასეთ გუბეებში უნდა აჭყაპუნონ. ვინ რა ავადმყოფობას წამოიკიდებს, კაცმა არ იცის. შემდეგ კოღო გამრავლდება, რომელიც ინფექციური დაავადებების გადამტანია. ამ დროს, ყოველ წელს თელავის მერიას მილიონები რჩება გაუხარჯავი. ვერ ხედავენ, რა არის გასაკეთებელი?!“

კურდღელაურის არხი
კურდღელაურის არხი

სოფელ კუდღელაურის ერთ ნაწილს შუაზე ჰყოფს ალაზნის სარწყავი არხი. ორივე მხარე მჭიდროდ დასახლებულია. როცა რწყვის სეზონი არ არის, არხში წყალი ფაქტობრივად, აღარ მიედინება, დაზიანებული საკანალიზაციო მილიდან არხში ჩამდინარე ფეკალური მასები არ იცხება და ადგილზე რჩება. სარწყავ არხთან ახლოს მცხოვრებნი ამბობენ, რომ გარშემო გაუსაძლისი გარემოა. მათ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით თვითმმართველობასაც არაერთხელ მიმართეს, აქციებიც გამართეს, მაგრამ სასურველ შედეგს დღემდე ვერ მიაღწიეს.

„სუნია, ფანჯარა ვერ გაგვიღია. ახლა რომ დაცხება კიდევ უფრო გაუსაძლის პირობებში ვიქნებით. ბავშვები როგორ უნდა გამოვიდნენ გარეთ?! მით უმეტეს, ახლა სკოლა არ აქვთ და სულ სახლში არიან. თამაში ხომ უნდათ?!“

ამ მშენებლობის დამთავრების შემდეგ მოხდება ამ გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რამაც უნდა მოახდინოს ფეკალური მასების გაფილტვრა და მდინარე ალაზანში სუფთა წყლის გაშვება.
დავით ქსოვრელიშვილი

„მე არ ვიცი საერთოდ, როგორ ვცხოვრობთ. არის საშინელი სუნი. გაწმენდითი და ერთჯერადი სამუშაოები ამას არ კმარა. კანალიზაციას უნდა მიეცეს მიმართულება“, - გვეუბნებიან კურდღელაურის მცხოვრებნი.

სოფელში პრობლემის არსებობას ადასტურებს თელავის მერია. მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ სარწყავ არხში ფეკალური მასები ხვდება არა ქალაქის საკანალიზაციო სისტემიდან, არამედ თავად კურდღელაურის მცხოვრებთა მიერ კუსტარულლად მოწყობილი სისტემიდან. თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, დავით ქსოვრელიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება: „გაკეთდება როგორც სასმელი წყლის ქსელი, ასევე წყალარინების, ანუ კანალიზაციის სისტემა, რომელიც დაერთდება იმ ცენტრალურ კოლექტორზე, რომელიც უკვე მოწყობილია. ეს კოლექტორი დაერთდება გამწმენდ ნაგებობაში ალაზნის პირას, სოფელ კონდოლის ტერიტორიაზე, რომელიც წელს უნდა დამთავრდეს. ამ მშენებლობის დამთავრების შემდეგ მოხდება ამ გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რამაც უნდა მოახდინოს ფეკალური მასების გაფილტვრა და მდინარე ალაზანში სუფთა წყლის გაშვება“.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეს ინფორმაცია უცნობია სოფელ კურდღელაურის მცხოვრებთათვის. ისინი ამბობენ, რომ ადგილზე არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG