Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გამოხატვის თავისუფლების პატივისცემა უმნიშვნელოვანესია ამ შფოთიან დროს


ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, მოუწოდებს ევროკავშირში შემავალ იმ ქვეყნებს, რომლებმაც კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს, დაიცვან ფუნდამენტური ფასეულებები და პატივ სცენ გამოხატვის თავისუფლებას.

„ევროკავშირი ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენესობის და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ფასულობებს. ეს ფასეულობები საერთოა ყველა ჩვენგანისათვის. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ ისინი თუნდაც ასეთ რთულ დროს“, - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენის სპეციალურ განცხადებაში.

უფრო ადრე, ევროპარლამენტართა ჯგუფმა მოუწოდა კავშირის ლიდერებს, რათა საპასუხო ზომები დაუპირისპირონ რუსეთიდან და ჩინეთიდან დაძრულ დეზინფორმაციას, რაც კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებელად ევროკავშირის მიერ განხორციელებული ქმედებების ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო ზომები არ იყოს წინააღმდეგობაში იმ ფუძემდებლურ პრინციპებსა და ფასეულებებთან, რასაც ემყარება ევროკავშირის შეთანხმება. დემოკრატია არ მუშაობს თავისუფალი და დემოკრატიული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გარეშე. გამოხატვის თავისუფლების პატივისცემას და სამართლებრივ სიცხადეს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ასეთ მშფოთვარე დროში. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა თავისუფლად და ზუსტად შეასრულონ თავიანთი სამუშაო, წინ აღუდგნენ დეზინფორმაციას და უზრუნველყონ ჩვენი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა“, - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საგანგებო მდგომარეობის წესები უნდა იყოს „მკაცრად პროპორციული“, უნდა „შემოიფარგლებოდეს“ აუცილებელი მოთხოვნებით და არ უნდა გაგრძელდეს „უსასრულოდ“. ხოლო მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ ამ ზომების რეგულარული კონტროლი.

„ევროკომისია, თანამშრომლობის სულისკვეთებით, ყურადღებით დააკვირდება ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ საგანგებო წესების გამოყენებას. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა გავუმკლავდეთ ამ კრიზისს. ამ გზაზე ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული ფასულობები და ადამიანის უფლებები“, - ხაზგასმულია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG