Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„Evolution Gaming Georgia“ სამსახურიდან 1300 თანამშრომელს ათავისუფლებს


ონლაინთამაშების კომპანია „Evolution Gaming Georgia“ სამსახურიდან 1300 თანამშრომელს ათავისუფლებს და ამის მიზეზად შექმნილ ვითარებას და საყოველთაო კარანტინს ასახელებს.

„გასული კვირის მოვლენებიდან და გუშინ ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე, გვიწევს, საქართველოში ევოლუშენის ზრდის გეგმები არსებულ ვითარებას მოვარგოთ“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. განცხადების თანახმად, კონტრაქტი 1300 ადამიანს შეუწყდება:

„1300 ადამიანს, რომელიც საოპერაციო პოზიციებს იკავებდა და იმყოფებიან გამოსაცდელ ვადაში, ნაადრევად შეუწყდებათ შრომითი ხელშეკრულება. ყველა მათგანს, დამატებით 2 თვის ვადით შევუნარჩუნებთ ჯანმრთელობის დაზღვევას, რომ შეძლებისდაგვარად, შევამციროთ ნეგატიური გავლენა მათ კეთილდღეობაზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გაგრძელდება დიალოგი მთავრობასთან, საქმიანობის მცირე მასშტაბით განახლებისთვის:

„როგორც ჩვენი წინა საკომუნიკაციო ღონისძიებებიდან ჩანს, ჩვენ შევასრულეთ ყველა მოთხოვნა, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით.
ბუნებრივია, გავაგრძელებთ დიალოგს საქართველოს მთავრობასთან, რომ განვსაზღვროთ, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით, რათა ჩვენი საქმიანობა განვაახლოთ მცირე მასშტაბით და მივცეთ საშუალება ჩვენს თანამშრომლებს მიიღონ შემოსავალი“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

განცხადების გამოქვეყნების შემდეგ შეტყობინებები მეილით კომპანიის თანამშრომლებს ინდივიდუალურადაც დაეგზავნათ. მანამდე მათ სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამის შესახებ კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი "ფეისბუკში" პოსტებს აქვეყნებს. აღნიშნული პოსტების თანახმად, კომპანია მათგან ითხოვს სამუშაო უნიფორმის დაბრუნებასაც. კონტრაქტის თანახმად, კომპანიის საკუთრების, მათ შორის, ფორმის, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, თანამშრომელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG