Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსგენდერ ადამიანებს, ვისთვისაც ცხოვრება კარანტინია - „თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს


ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „თბილისი პრაიდი” განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობა ხშირად სისტემურ ჩაგვრასა და დამცირებასთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის უფლებას. ტრანსგენდერ ადამიანებს არ ეძლევათ განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობა. მათი ყოფა ამ ქვეყანაში არის დამამცირებელი და გაუსაძლისი! თქვენ ალბათ არ გინახავთ დღისით ქუჩაში მოსიარულე ტრანსგენდერი ადამიანი და ვერც ნახავდით, იმიტომ რომ ეს ადამიანები ქუჩაში თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან. ოჯახის წევრების თუ თანამოქალაქეების შიშით ვერ მიდიან უნივერსიტეტში, კინოში, ბაზარში თუ პარკში, სასეირნოდ…“ - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

როგორც სამოქალაქო მოძაობა აღნიშნავს, არსებული კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა სახელმწიფოსთვის, რომ აღიაროს ტრანსგენდერი ადამიანების არსებობა და გაატაროს ეფექტიანი პოლიტიკა მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

განცხადების ავტორები ტრანსგენდერი ადამიანების ყოფას ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების კონტექსტში წარმოაჩენენ. „ახლა როცა ყველას საგანგებო რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრება და გვეზღუდება თავისუფლებები, გვაქვს შესაძლებლობა უფრო თვალნათლივ წარმოვიდგინოთ თუ რისი გადატანა უწევთ ჩვენ ირგვლივ მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს, ვისთვისაც მთელი ცხოვრება კარანტინია“, - ნათქვამია განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

31 მარტის 17:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევა, მათგან 21 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG