Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბების ჯგუფი პირველად ჩავიდა ქაბულში პატიმართა გათავისუფლების პროცესზე დასაკვირვებლად


პატიმრობაში მყოფი თალიბები
პატიმრობაში მყოფი თალიბები

ორგანიზაცია თალიბანის სამკაციანი ჯგუფი ჩავიდა ქაბულში, რათა, გავრცელებული ცნობით, „დააკვირდეს“ ავღანეთის ხელისუფლების მიერ ტყვეობაში მყოფი თალიბი მეამბოხეების გათავისუფლების პროცესს, რომელიც აშშ-სა და თალიბანს შორის თებერვლის ბოლოს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

თალიბების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიულაჰ მუჯაჰიდმა, განაცხადა, რომ 31 მარტს ქაბულში ჩავიდა „ტექნიკური“ ჯგუფი, რაც არის პირველი შემთხვევა ავღანეთის დედაქალაქში თალიბების დელეგაციის გამოჩენისა მას შემდეგ, რაც 2001 წლის ნოემბერში, აშშ-ის ლიდერობით მოქმედმა კოალიციამ დაამხო თალიბების ხელისუფლება.

ქაბულში თალიბების ჯგუფის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია ავღანეთის ხელისუფლებას. მაგრამ ავღანეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველთა ოფისის სპიკერმა, ჯავედ ფეისალმა, ჟურნალისტებს აცნობა, რომ მიღწეულია შეთანხმება ავღანეთის მთავრობას და თალიბებს შორის, რაც ქაბულში მეამბოხეთა დელეგაციის ჩასვლას და პატიმრების გათავისუფლების თაობაზე პირისპირ შეხვედრას ითვალისწინებს.

29 თებერვლს აშშ-სა და თალიბანს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება მოუწოდებს ავღანეთის მთავრობას, რომ საპატიმროებიდან გაათავისუფლოს პატირმობაში მყოფი 5000 თალიბი მებრძოლი, რამაც უნდა უზრუნველყოს ნდობის ატმოსფეროს შექმნა ფართომასშტაბიანი შიდა ავღანური სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის.

თალიბანი პირობას დებს, რომ თავის მხრივ ტყვეობიდან გაათავისუფლებს ავღანეთის მთავრობის 1000 ჯარისკაცსა და სამოქალაქო მუშაკს.

XS
SM
MD
LG