„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ რასისტული და არმენოფობიური უწოდა ტელეკომპანია „მთავარის“ მასალას და წამყვანის განცხადებას.
„2020 წლის 5 აპრილს, ტელეკომპანია „მთავარის” პროგრამა PostFactum-ში გავიდა სიუჟეტი „გენები კორონავირუსის წინააღმდეგ,” სადაც საუბარი იყო გენური კოდების მნიშვნელობასა და ეთნიკურ უპირატესობებზე. სიუჟეტის შემდგომ კი წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ არმენოფობიური განცხადება გააკეთა“.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ შეფასებით, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული მასალა არის „რასისტული ხასიათის, ქსენოფობიური და ახალისებს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას“.
ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ არაერთხელ მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ covid-19-თან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქებას და მხოლოდ ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ მაყურებელს: „გაუგებარია, რას ემსახურება PostFactum-ში მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით დაუსაბუთებელი თეორიების გავრცელება, რომელიც ქართული გენის უპირატესობას წარმოაჩენს, რაც დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს მოქალქეებისთვის და ატარებს ქსენოფობიურ ნიშნებს“.
ქარტიას მიაჩნია, რომ მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, მედიასაშუალებებმა კი არ შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას და სიძულვილის წახალისებას.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ხაზს უსვამს, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულi მედიის მასალები ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფრთხეებს აჩენს.
ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ მიღებული ინფორმაცია და ყველა ზომა მიიღონ რასობრივი და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.