Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე: შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს


„ვერ შევინარჩუნებთ ამ სიტუაციას ბოლომდე, მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში, ამას ვამბობ ძალიან დიდი დარწმუნებით, ინფექციის გავრცელების დინამიკა მაჩვენებს ამას“, - განაცხადა შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, იმ ქვეყნებში, სადაც დაიწყო შიდა გავრცელება, ამას მოჰყვა ეპიდემიის ძალიან სწრაფი ზრდა - ასეულები და ათასეულები ყოველდღიურად.

საქართველოში კი, მისი სიტყვებით, შიდა გადაცემის პირველ შემთხვევად მიიჩნევა მარნეულის შემთხვევა. მარნეულის შემთხვევიდან 10-12 დღის შემდეგ ფიქსირდება მატება, მაგრამ ჯერჯერობთ, არც ერთ დღეს არ ყოფილა ახლად გამოვლენილ 20 შემთხვევაზე მეტი.

„ეს, შიდა გადაცემის სტადიისთვის, ანუ ინფექციის გავრცელების სტადიისთვის, არის ძალიან ცოტა. ეს იგივეა, რაც წინა სტადიაზე 1,2,3 შემთხვევა. იმიტომ, რომ ყველა სხვა ქვეყანაში, გადახედეთ სტატისტიკას, ფიქსირდება 500 შემთხვევა, ჩვენთან 2 ათეულ შემთხვევას არ გადაცდენია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი სიტყვებით, „საქართველოში შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-ის ფარგლებში. 1000-სა და 2000-ს შორის“.

„ჩემი პროგნოზით, პიკი იქნება 2-3 კვირის შემდეგ, ეს არის ჩემი პროგნოზი და არ ეფუძნება მტკიცებულებებს და ამაზე მე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და ეს პიკი შენარჩუნდება კიდევ 2-3 კვირის მანძილზე და დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით, ეპიდემია წავა ქვემოთ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, რომლის სიტყვებითაც, საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან გამოვა მინიმალური დანაკარგით.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 195 ადამიანიდან 45 განიკურნა.

განკურნებული ადამიანების რაოდენობასთან ერთად, გაიზარდა გარდაცვლილთა სტატისტიკაც. დღეს, 7 აპრილს კიდევ ერთი ინფიცირებული, 86 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში რჩება 4 708 ადამიანი, სტაციონარში კი - 370.

XS
SM
MD
LG