საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში სიკვდილობის მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე შენარჩუნებით და მე ვფიქრობ რომ ეს ქება ნამდვილად დამსახურებულია,- აღნიშნავს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი ვიდეომიმართვაში, რომელიც შეეხება მსოფლიო ბანკის 2020 წლის ეკონომიკურ მიმოხილვას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისათვის. მიმოხილვაში აქცენტი ძირითადად გაკეთებულია ახალი კორონავირუსის ეკონომიკურ ზემოქმედებაზე.
ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში განვითარდება 2 სავარაუდო სცენარი: 1. მიმდინარე წელს რეგიონში ადგილი ექნება ეკონომიკურ ვარდნას, 2. ეკონომიკური ზრდა 2020 წლის განმავლობაში შემცირდება, აღმოჩნდება 2.8 და 4.8 პროცენტს შორის შუალედში, ხოლო 2021 წელს დაიწყება ეკონომიკის აღდგენა.
რაც შეეხება საქართველოს - მსოფლიო ბანკის შეფასებით, COVID-19-ით გამოწვეული კრიზისი მიმდინარე წელს გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც ძირითადად განპირობებული იქნება მოგზაურობის აკრძალვითა და შესაბამისი გავლენით ტურიზმზე.
„ჩვენი მოლოდინით, მშპ შემცირდება და 2020 წელს მოექცევა - 0.2 პროცენტსა და 2 პროცენტს შორის შუალედში, სანამ 2021 წელს ეკონომიკის აღდგენა დაიწყება.
მინდა აღვნიშნო, რომ საბედნიეროდ, მთავრობამ გაატარა ფისკალურად გონივრული ღონისძიებები, და ასევე შექმნა კაპიტალის ბუფერები, რომლებიც იძლევა კრიზისზე აქტიური რეაგირების საშუალებას.
ამ ეტაპზე ასევე მსურს ავღნიშნო თუ რაოდენ მიზანმიმართულად, სწრაფად და მტკიცედ მოქმედებდა მთავრობა ჯანდაცვის კუთხით ღონისძიებების გატარებისას იმისათვის, რომ დაეცვა ზემოქმედების ქვეშ მყოფი როგორც ოჯახები, ისე კომპანიები და დაეწყო ეკონომიკის აღდგენის გეგმის შემუშავება.
რეალურად, საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში სიკვდილობის მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე შენარჩუნებით, და მე ვფიქრობ რომ ეს ქება ნამდვილად დამსახურებულია.“, - აღნიშნავს ვიდეომიმართვაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, სებასტიან მოლინეუსი.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად მსოფლიო ბანკი ინტერვენციების 3 სხვადასხვა პროექტს განიხილავს:
„1) ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა მიზნობრივი სოციალური დახმარების მეშვეობით, ვისზეც ყველაზე დიდი გავლენა იქონია კრიზისმა;
2) ფართო სოციალური დაცვის სისტემის უზრუნველყოფა, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში შეძლებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას და;
3) ეკონომიკური აღდგენის აქტიური უზრუნველყოფა, კერძო სექტორის მხარდაჭერით, რომელსაც COVID-19 -ით გამოწვეულმა კრიზისმა უდიდესი დარტყმა მიაყენა, მაგალითად ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროებში და სხვა დარგებში, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდა ზოგიერთი ამჟამინდელი სავაჭრო შოკის მიმართ“, - აღნიშნავს სებასტიან მოლინეუსი.
მსოფლიო ბანკის პროგნოზებს, თავის მხრივ, მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის სერიოზული შემცირებაა მოსალოდნელი:
"რა თქმა უნდა, ეკონომიკური გამოწვევები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ველოდებით და შესაბამისად ბიუჯეტში ცვლილებებიც შეგვაქვს.
ასევე მინდა გითხრათ, საქართველოს ხელისუფლება უკვე მუშაობს ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც დაიცავს ბალანსს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკური განვითარების პოტენციალს შორის. ეს ვერ მოხდება ერთ დღეში და ერთ კვირაში", - აღნიშნა გახარიამ.