Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: 9 აპრილი გაგვითენდა კარანტინის ვითარებაში


„დღეს 9 აპრილი გაგვითენდა სულ სხვა, საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენის, კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება ამ 9 აპრილს ხვდება სხვა განწყობით“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამო ის დღე ვერ მივიდა 9 აპრილის მემორიალთან მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი.

„ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან , მე არ მივსულვარ მემორიალთან. რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა -ეს არ ნიშნავს, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით , ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება, ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი. შეიძლება სახლში კიდევ უფრო გავიაზროთ რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკებლობისთვის, სახელმწიფოსთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.

დღეს 31 წელი შესრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით დაშავდა.

2 წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტთან მდებარე მემორიალთან მისვლას ტრადიციულად, იწყებდნენ დაღამების შემდეგ. წელს ასე არ მოხდა, რადგან კორონავირუს COVID-19-ის გამო, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. გარდა ამისა, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრძალავს 3-ზე მეტი პირის შეკრებას.

XS
SM
MD
LG