დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი COVID-19 აქვს, რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან საერთო თერაპიის პალატაში გადაიყვანეს.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრს შესანიშნავი განწყობა აქვს, გამოჯანმრთელების ადრეულ სტადიაშია და ექიმები მის მდგომარეობაზე დაკვირვებას განაგრძობენ.
55 წლის ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინეს და პირველი ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ხველების და ტემპერატურის მომატების გამო, 5 აპრილს ჯონსონი სენ-ტომასის კლინიკაში გადაიყვანეს.
პრემიერ-მინისტრის ავადმყოფობის გამო, მთავრობის მეთაურის მოვალეობას დროებით ასრულებს საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი.
დიდ ბრიტანეთში, COVID-19-ით უკვე დაავადდა 65 000 მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 8 000-ს უახლოვდება. 8 აპრილთან შედარებით, 9 აპრილს მცირედით იკლო ინფიცირების და გარდაცვალების ახალი შემთხვევების რიცხვმა.