Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობა: გვაქვს ეჭვი, რომ ივანიშვილის 100-მილიონიანი ტრანზაქცია გათეთრებული ფულია


ოპოზიციურ პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ეჭვობენ, რომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარი გათეთრებული ფულია.

"მივმართავ ფონდ ქართუს, რათა გაასაჯაროვოს ბიძინა ივანიშვილის მიერ COVID-19 წინააღმდეგ ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარის ტრანზაქციები და წარმომავლობა", - აცხადებს ხატია დეკანოიძე "ნაციონალური მოძრაობიდან" და განაგრძობს: "ჩვენ გვყავს წყარო, რომელიც ამბობს, რომ 100 მილიონი ლარი აკუმულირდა გათეთრებული თანხა ოფშორიდან და გადაირიცხა შესაბამისი სქემით ამ ფონდში".

დეკანოიძის თქმით, წყარო ამბობს, რომ კომპანიამ, რომელიც აფილირებულია საქართველოს რკინიგზასთან, ოფშორით გათეთრებული მთელი თანხა გადაურიცხა StopCov ფონდს. ხოლო ქართუ ფონდის დირექტორის საჯარო განცხადება, თითქოს ფული ფონდს ივანიშვილის ოჯახმა შესწირა, ნდობას ვერ იმსახურებს, რადგან ოჯახი არ არის არც ფიზიკური და არც იურიდიული პირი.

"გასაჯაროების შემდეგ დაიწყოს შესაბამისი მოკვლევა - არის თუ არა ეს 100 მილიონი საქართველოს მოქალაქეებიდან ამ დანაშაულებრივი რკინიგზის სქემასთან ასოცირებული ოფშორში გათეთრებული ფული", - ამბობს დეკანოიძე.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და შეგროვებული თანხა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად დაიხარჯება. ფონდში შესული თანხა ერთ დღეში 24 მილიონიდან 124 მილიონამდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, 100-მილიონიანი ტრანზაქცია მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა განახორციელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG