Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოგი „შავი ჭირი“ მარგებელია


კორონავირუსის პანდემიის ფონზე ერთიორად გაიზარდა ალბერ კამიუს ყველაზე ცნობილი რომანის, "შავი ჭირის" გაყიდვები მთელ მსოფლიოში. ჩვენც წავიკითხოთ ეს რომანი, ოღონდ ამჯერად წავიკითხოთ ალეგორიაზე მიჯაჭვულობის გარეშე. გვერდზე გადავდოთ ცოდნა ავტორის მიერ ნაგულისხმებ ფაშიზმზე (“ყავისფერი ჭირი”) და წავიკითხოთ როგორც წიგნი სამედიცინო თვალსაზრისით გადაუჭრელი პრობლემის შესახებ, როგორც ამბავი ერთი ცალკე აღებული ქალაქის (ორანის) მცხოვრებლებისა, რომლებიც გამომწყვდეული არიან სასიკვდილო სენით დაავადებული ვირთხებითა და ადამიანებით სავსე ქალაქში. ვნახოთ, რა ყოფითი თუ ზნეობრივი პრობლემები იჩენს თავს ეპიდემიის დროს მოწყობილ კარანტინში, სადაც ყოველ ნაბიჯზე ელოდებათ ადამიანებს სიკვდილი და საიდანაც გასაქცევი არავის აქვს. ვნახოთ, რისი სწავლა შეიძლება დიდი მწერლის პერსონაჟების უაღრესად რეალისტური გამოცდილებიდან?

ავადმყოფობა, როგორც ცხოვრების წესი

რა გასაკვირია, რომ რომანის მთავარი გმირი და, როგორც წიგნის ფინალიდან ირკვევა, მთხრობელიც, ბერნარ რიე პროფესიით ექიმია, თუმცა ავტორი მის გამოჩენამდეც ელაპარაკება მკითხველს ავადმყოფობის შესახებ და ამბობს, რომ ავადმყოფობა არასოდეს არის სასიამოვნო, მაგრამ ადამიანმა, ცოტად თუ ბევრად, შეიძლება თავს ავადმყოფობის ნება მისცეო.

„ავადმყოფს მოფერება უნდა, მას უხარია, თუ შეუძლია რამეს დაეყრდნოს“-ო, - ამბობს ავტორი, რომელსაც არ ესწავლება, რომ ადამიანი ზოგადად ავადმყოფი არსებაა და, რომ აბსოლუტურად (იდეალურად) ჯანმრთელი არავინაა, მაგრამ ავადმყოფობაც არის და ავადმყოფობაც.

საიდან მოვიდა ჭირი?

რომანში მოქმედება 194... წლის 16 აპრილის დილას იწყება. სამსახურში მიმავალი ექიმი რიე ფეხს წამოჰკრავს თავისი სახლის კიბეებზე გაგორებულ მკვდარ ვირთხას, რომელსაც უახლოეს დღებში ათობით, ასობით და ათასობით სისხლის მნთხეველი მღრღნელი დაემატება. 25 აპრილს ქალაქის რადიო გამოაცხადებს, რომ დღის განმავლობაში ქუჩებიდან აკრიფეს და დაწვეს 6231 მკვდარი ვირთხა.

ცნობილია, რომ შავ ჭირს იწვევს ბაქტერია Yersinia pestis, რასაც რწყილების საშუალებით სწრაფად ავრცელებს შავი ვირთხა.

მკვდარ ვირთხებს მოჰყვება პირველი მსხვერპლი კონსიერჟის სახით, თუმცა ქალაქის მმართველობა თავიდან მხოლოდ ვირთხებთან ბრძოლითაა დაკავებული. მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდება შიში და, როგორც მთხრობელი ამბობს, მასთან ერთად, განსჯის უნარიც.

როგორ იქცევა პრესა, მთავრობა...

პრესა, რომელსაც ვირთხების გამო ერთი ამბავი აქვს ატეხილი, ადამიანებზე კრინტს არ ძრავს. „ვირთხები ქუჩაში კვდებოდნენ, ყველას დასანახად. ადამიანები კი თავიანთ სახლებში იხოცებოდნენ“. საზოგადოებრივი აზრისა და პანიკის შიშით, ხმამაღლა ლაპარაკს ვერც ქალაქის მმართველობა ბედავს („ოღონდ პანიკა ნუ იქნება“), თუმცა ყველა ხვდება, რომ „ჭირი თავს არ დამალავს“. რომანის პერსონაჟებმაც იციან, რომ ისტორიაში ცნობილმა ჟამიანობის 30-მა დიდმა ეპიდემიამ 100 მლნ ადამიანი გამოასალმა წუთისოფელს, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ადამიანს სიკვდილი მაშინ ზაფრავს, როდესაც მას უშუალოდ ხედავს.

ალბერ კამიუ, "შავი ჭირი", მთარგმნელები: გ. ბუაჩიძე, კ. ჯავრიშვილი, ნ. იორდანიშვილი
ალბერ კამიუ, "შავი ჭირი", მთარგმნელები: გ. ბუაჩიძე, კ. ჯავრიშვილი, ნ. იორდანიშვილი

ექიმი კარანტინის შემოღებას და სხვა მკაცრი ადმინისტრაციული ზომების გატარებას ითხოვს. მისი არგუმენტი ასეთია: „როცა მიკრობს შეუძლია სამი დღის განმავლობაში ოთხჯერ გაზარდოს ელენთის მოცულობა, ლიმფური ჯირკვლები ფორთოხლისოდენა გახადოს და ფაფისნაირი მასით აავსოს, საყოყმანო არაფერია. ინფექციის კერათა რიცხვი იზრდება. თუ სენი ასეთი ტემპით გავრცელდა, ორი თვეც არ მოუნდება, რომ ნახევარი ქალაქი იმსხვერპლოს“.

ქალაქის პრეფექტი მაინც ყოყმანობს და მეტ არგუმენტს ითხოვს საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად, ვერ ხვდება, რომ უკვე საქმეს სიტყვა კი არა, დრო წყვეტს.

ცხოვრება კარანტინში

ქალაქი ერთი ხანი არ იმჩნევს გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას, თუმცა როდესაც დღეში გარდაცვლილთა რიცხვი 30-ს მიაღწევს, მთავრობა გასცემს განკარგულებას: „დაკეტეთ ქალაქი. გამოაცხადეთ ჟამიანობა“.

იკეტება ყველაფერი, შეუძლებელი ხდება ქალაქიდან არა მხოლოდ ფიზიკური გაღწევა, წერილების გაგზავნაც კი, რათა წერილებმა სენი არ გაავრცელონ, თუმცა კარანტინის პირველ დღეებში, როდესაც დარაჯები ჯერ კიდევ ბუნებრივად თვლიდნენ თანაგრძნობასა და სიბრალულს, რამდენიმე წერილის გაგზავნა მაინც მოხერხდა, მაგრამ სულ მალე ვითარება შეიცვლება და ქალაქელებიც ნამდვილ პატიმრებად იქცევიან. მათ ყოფას აავსებს განდევნის გრძნობა და წარსულზე ფიქრი. როგორც ყველა პატიმარს, მათაც გაუჩნდებათ უამრავი თავისუფალი დრო. ასევე გაჩნდება მოსაზრება, რომ „ღვინო მიკრობს კლავს“ და ქალაქი გაივსება მთვრალი ადამიანებით, რომლებიც ქუჩებს აყრუებენ იმედიანი შეძახილებით, თუმცა ჭირი ჯიუტად იკრებს ძალას და 200-ათასიანი ქალაქი დღეში ჯერ 300, შემდეგ კი 500, 800 და მეტ ადამიანს კარგავს.

რწმენა და ეპიდემია

ქალაქის საეკლესიო ხელისუფლება შავი ჭირის წინააღმდეგ თავისი ძალებით იწყებს ბრძოლას და ამ მიზნით ატარებს საზეიმო მესას ჭირიანთა მფარველის, წმინდა როკის სადიდებლად, თუმცა მიიჩნევს, რომ ქალაქმა დაიმსახურა ეს უბედურება. შთამბეჭდავია იეზუიტი ბერის, მამა პანელუს ვრცელი ქადაგება, რომლის მიხედვითაც, ტყუილად ეგონათ ქალაქელებს, რომ საკმარისი იყო ღმერთის მხოლოდ კვირაობით მონახულება.

„თქვენ ფიქრობდით, ერთი-ორჯერ მუხლის მოდრეკა საკმარისი იყო, რომ თქვენი დანაშაულებრივი უდარდელობა გამოგესყიდათ, მაგრამ ღმერთს თავი უნდა მიაგოთ. თქვენი იშვიათი სტუმრობა არ ჰყოფნის მის მგზნებარე სიყვარულს“, - ამბობს ბერი და ტაძარში შეკრებილ ქალაქელებს ელაპარაკება შავი ჭირის ანგელოზზე, რომელიც ყველა ცოდვილს „გალეწავს ტკივილის სისხლიან კალოზე და მოისვრის ბზესთან ერთად“, თუმცა ეპიდემია არავის დაინდობს, არც ცოდვილს და არც უცოდველს, არც მოხუცს და არც ახალგაზრდას, არც ქალს და არც კაცს... ბედის ირონიით, ეპიდემია იმსხვერპლებს თვითონ იეზუიტ ბერსაც, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ჟამიანობას სიკეთეც ახლდა, რომ იგი თვალს აუხელდა ადამიანებს. გარდაცვალებამდე ბერი პოზიციას შეარბილებს, თუმცა არა იმდენად, რომ მიბაძოს „კაიროს ბერებს“, რომლებიც „ეპიდემიის დროს სეფისკვერს პინცეტით იღებდნენ, ზიარებისას რომ არ შეხებოდნენ სველსა და ცხელ ბაგეს, სადაც სენს დაედო ბინა“.

საბოლოო ჯამში, ჭირი დააზიანებს ეკლესიასაც, რადგან სასოწარკვეთილ მოქალაქეებს ცრურწმენები გაუწევს რელიგიის მაგივრობას. ბოლო ქადაგებას მამა პანელუ ნახევრად ცარიელ ტაძარში ატარებს.

სანიტრის დაფასებული, მაგრამ არაგმირული შრომა

ჭირისგან დაავადებულ ქალაქში საჭირო გახდება სანიტარული რაზმების შექმნა როგორც ავადმყოფების გადასაყვანად, ასევე სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად და მიცვალებულების დასამარხად.

ცხადია, სანიტარულ რაზმებში მუშაობა სახიფათო იყო, მაგრამ სანიტარული რაზმები ძირითადად მაინც მოხალისეებით ივსებოდნენ, თუმცა მთხრობელი მოქალაქეებს დიდ დამსახურებად სულაც არ უთვლის ამგვარ აქტიურობას, რადგანაც, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, იცოდნენ, სხვა არაფერი დარჩენოდათ და ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, დაუჯერებელი სწორედ ის იქნებოდაო. „შავი ჭირი ნელ-ნელა მთელი ქალაქის საქმედ იქცა“-ო, - ასკვნის მთხრობელი.

ჟამიანობა ძალას იკრებს. მისი მზე აქრობს ყოველგვარ ფერს და ახშობს ყოველგვარ სიხარულს. თავზეხელაღებული ადამიანები ცდილობენ ქალაქიდან გააღწევას, თუმცა სამხედროები, პირველი დღეებისგან განსხვავებით, აღარავის ინდობენ და ცეცხლს უხსნიან.

წესრიგის შესანარჩუნებლად საჭირო ხდება უფრო მკაცრი ზომების შემოღება. კომენდანტის საათით იკრძალება ღამით ქუჩაში გასვლა, კანონის დამრღვევები კი ადგილზე იხვრიტებიან, თუმცა, როგორც მთხრობელი ამბობს, ეს დახვრეტები სხვებზე ვერ ახდენს ჯეროვან გავლენას, რადგან ამდენ მკვდრებში ორ-სამ დახვრეტილს ვერავინ ამჩნევსო.

დამარხვის სწრაფადცვალებადი პროტოკოლი

ამ დროიდან მოყოლებული მთხრობელი აღწერის ღირსად მიიჩნევს მხოლოდ ცოცხლად დარჩენილი მოქალაქეების მძვინვარებას და დახოცილთა დამარხვას.

ქალაქს არ აქვს შავი ჭირის წამალი. შესაბამისად, ვერაფერი აჩერებს სიკვდილის მანქანას, რის გამოც ქალაქელები იძულებული არიან თავი შეიწუხონ ასეულობით თანამოქალაქის დაკრძალვაზე ფიქრით. ცხადია, არავის მოსწონს ამგვარი ნაჩქარევი ცერემონიები, მაგრამ შიშობენ, მკვდრებმა არ წაგვლეკონო და იძულებული არიან ხელები დაიკაპიწონ.

ქალაქს ჰქონდა, როგორც ახლა იტყოდნენ, დაკრძალვის პროტოკოლი, რომელიც პერიოდულად იცვლებოდა: ეპიდემიამ თავიდანვე გაამარტივა ყველა ფორმალობა, გააუქმა „ზარ-ზეიმურობა“, რადგან ადამიანები თავიანთ კერებს მოწყვეტილები იხოცებოდნენ, მათი ოჯახის წევრები კი ამ დროს კარანტინში იყვნენ გამოკეტილები. დღის განმავლობაში დახოცილებს მზის ჩასვლამდე მარხავდნენ რიტულური ღამის თევების გარეშე. ეკლესიებში პანაშვიდის გადახდა აკრძალული იყო.

"შავი ჭირი" მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი, მათ შორის რუმინულზეც
"შავი ჭირი" მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი, მათ შორის რუმინულზეც

თუ ჭირისუფალი კარანტინში არ იყო, შეეძლო, სამარის კარამდე მიჰყოლოდა მიცვალებულს, მაგრამ სანამ მღვდელი ლოცვას ბუტბუტებდა, კუბო უკვე ორმოში ეშვებოდა და მალევე იფარებოდა მიწით. მოკლედ, ყველაფერი მაქსიმალური სისწრაფითა და მინიმალური რისკით ხდებოდა. ეს სისწრაფე მოსახლეობის გაღიზიანებას იწევდა, მაგრამ გავა დრო და დახოცილთა რაოდენობა ისე მოიმატებს, რომ აღარც სუდარებისა და კუბოებისთვის ეყოფათ მასალა და აღარც დრო - ინდივიდუალური საფლავების გასაჭრელად.

საავადმყოფოები შეწყვეტენ ახალ-ახალი კუბოების დამზადებას და დაიწყებენ მათ ხელთ არსებული კუბოების საკაცეებად გამოყენებას, ხოლო მიცვალებულებისთვის გაამზადებენ ორ უზარმაზარ ორმოს: ერთს ქალებისთვის, მეორეს კაცებისთვის.

ქალაქის ადმინისტრაცია ცდილობდა, არ შეებღალა ზნეობა, - ამბობს მთხრობელი, - თუმცა გავა დრო და ისეთ მასშტაბებს მიაღწევს სიკვდილიანობა, რომ ეს განსხვავებაც (ქალი-კაცი) მოისპობა და ყველა მიცვალებულისთვის გაიჭრება ერთი, საერთო ქვაბული, რომლის ძირში სულ მუდამ იხრჩოლებს ჩაუმქრალი კირი... მაგრამ ცოტა ხანში დამარხვაც შეუძლებელი გახდება: გვამების გადასატანად გამოიყენებენ ტრამვაის ვაგონებს, ხოლო დასაწვავად აამუშავებენ ქალაქგარეთ მდებარე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ღუმელს. ყველა ხვდება, რომ თუ ჭირი უფრო მეტად გამძვინვარდება, ქალაქს გვამების ზღვაში გადაყრა მოუწევს...

გმირობის შეუძლებლობა

მთელი ამ მძიმე საქმიანობისთვის საჭირო იყო მუშახელი და ქალაქის ადმინისტრაციაც სულ შიშობდა, რომ ხალხი დააკლდებოდა. ბევრი სანიტარი და მესაფლავე ჭირმა გაწყვიტა, მაგრამ, მათი შემცვლელები არა და არ ილეოდნენ. თუმცა ამ უწყვეტ განახლებას არც ალტრუიზმი კვებავდა და არც გმირობა. ეპიდემიამ გაზარდა უმუშევრობა და სიდუხჭირე, სანიტრებისა და მესაფლავეების სახიფათო შრომა კი კარგად ნაზღაურდებოდა. გარკვეული დროიდან მოყოლებული, გაჭირვება უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე - შიში.

გმირობა ვახსენეთ. მთხრობელი ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით ილაპარაკებდა გმირებსა და გმირობაზე, მაგრამ შეუძლებლად მიაჩნია, თუნდაც ნუგეშად რომელიმე ერთი გმირი მაინც დახატოს, იმიტომ, რომ, მისი თქმით, არაფერია ჟამიანობაზე ნაკლებეფექტური სახილველი.

მარტო გმირობისთვის კი არა, სიყვარულისთვისაც არ დარჩა ადგილი. შავმა ჭირმა, როგორც ფრთხილმა და უზადო ადმინისტრაციულმა მანქანამ, ყველას წაართვა სიყვარულისა და მეგობრობის ძალა, რადგან სიყვარულს მომავალი სჭირდება, ეპიდემიის დროს კი მომავალი არავის აქვს გარანტირებული.

ყველაფერს აქვს დასასრული

სასიკვდილო სენს ქალაქი ვერაფერს უპირისპირებს. მედიცინა უძლურია ჭირის წინაშე. მოხუცი ექიმი კასტელი იწყებს შრატის დამზადებას გადარჩენილთა სისხლისგან, მაგრამ მისი ეფექტიანობა უმნიშვნელოა. მთავრობა სრულიად ირაციონალურად იმედოვნებს, რომ ცივი დღეები სენის წინსვლას შეაფერხებს, მაგრამ მალე დარწმუნდება ყველა, რომ პირველი სუსხი შავ ჭირს ოდნავადაც კი ვერ შეუცვლის ზნეს. ხალხი კვლავ იხოცება და იხოცება. ეკლესიებში გლოვის ზარი უფრო ხშირად გაისმის, ვიდრე ღვთის სადიდებელი ლოცვა, თუმცა, როგორც მთხრობელი ამბობს, შეუძლებელი აღმოჩნდა სულ მუდამ სიკვდილზე ფიქრი. „რაკი არ შეეძლოთ სულ სიკვდილზე ეფიქრათ, არაფერზე აღარ ფიქრობდნენო“, - ამბობს ის.

ამასობაში ექიმი კასტელი ხვეწს და აუმჯობესებს შრატს, რომელიც, მართალია, ყველაზე არ ჭირს, მაგრამ ერთ-ორს კი გადაარჩენს, ეპიდემია კი ისევე მოულოდნელად დასრულდება, როგორ მოულოდნელადაც დაიწყო.

ალბერ კამიუ
ალბერ კამიუ

ერთ დღეს ორანის ქუჩებში კვლავ გამოჩნდებიან გამქრალი ვირთხები, რასაც ქალაქელთა ნაწილი ჭირის მორიგი გაძლიერების ნიშნად მიიღებს, თუმცა, ჭირიანებისგან განსხვავებით, ეს ვირთხები სისხლს არ ანთხევენ. ჯანმრთელი მღრღნელების დაბრუნებას მალევე მოჰყვება საიმედო სტატისტიკური ცნობები, რომლებიც სენის უკან დახევას იტყობინებიან.

ყველა ხვდება, რომ ცოტაც და ეპიდემია დასრულდება. თითქოს ქალაქმა შვებით უნდა ამოისუნთქოს, ხალხმა უნდა გაიხაროს, მაგრამ შეცვლილი გარემოება ახალი ტიპის პანიკას იწვევს ქალაქელებში: ადრე თუ უიმედობა თესდა პანიკას, ახლა იმედის ქარით ატანილებს იპყრობთ პანიკა იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლება სულ ბოლო წუთში, თითქმის მიზანს მიღწეული დაიხოცონ. ზუსტად ასე, როცა თითქმის დაძლეულია ეპიდემია, შავი ჭირისგან კვდება რომანის ერთ-ერთი მთავარი პროტაგონისტი, ჟან ტარუ, სწორედ მისი სიკვდილი ათქმევინებს მთხრობელს, რომ ეს სიკვდილი იმგვარი დამარცხებაა, ომებს რომ მოსდევს და თვით მშვიდობასაც უკურნებელ ტანჯვად რომ აქცევს ხოლმეო.

ჭირის გაკვეთილები

194... წლის აპრილში დაწყებული ეპიდემია არასრულ ერთ წელს გასტანს და თებერვლის ერთ მზიან დღეს, კარანტინის გაუქმებითა და ქალაქის კარიბჭის გახსნით დასრულდება. ორანი მალე აივსება გარედან მოსულებით, რომლებსაც გულუბრყვილოდ ჰგონიათ, რომ ქალაქი შესაზარი შესახედავი იქნება. გარეგნულად, ცხადია, არაფერი შეცვლილა, მათ შორის, არ შეცვლილან ადგილობრივებიც, რომლებსაც, თავის მხრივ სურთ დაიჯერონ, რომ შავ ჭირს შეუძლია ისე მოვიდეს და წავიდეს, რომ კაცთა გულებში ვერაფერი შეცვალოს, მაგრამ, მთხრობელი ეჭვობს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, რადგან მათ ყველას ნანახი აქვთ სამყარო, სადაც კაცის სიკვდილი ისეთივე ჩვეულებრივი რამ არის, როგორც ბუზისაო, ამბობს ის.

ქალაქში ბევრი იწონებს თავს იმით, რომ ჭირიანობა გადაიტანა და, როგორც რომანის ერთი პერსონაჟი შენიშნავს, ამას ისე ამბობენ, რომ მალე თავისთვის ორდენებს მოითხოვენ, ხოლო ჭირისგან დახოცილებისთვის ძეგლის აგებასო. „თითქოს მესმის კიდეც მათი ხმა: „ჩვენი დახოცილები...“ - ქირქილებს ეს პერსონაჟი, რომლის განწყობასაც სრულად იზიარებს მთხრობელი, კაცმა რომ თქვას, რა არის ჭირიანობა? ესეც ცხოვრებააო, ამბობს ის, თუმცა მთხრობელი იმასაც შენიშნავს, რომ მომხდარი - მთელი ეს საშინელება - იმსახურებს აღწერას თუნდაც იმის გამო, რომ ყველაფრის მიუხედავად, ადამიანებში აღტაცების მომგვრელი უფრო მეტია, ვიდრე დასაძრახისიო.

ქალაქიც ზეიმობს და ხარობს, მთელი მისი მოსახლეობა მისცემია სიხარულს, მაგრამ მთხრობელმა - ექიმმა ბერნარ რიემ იცის, თუ რა მყიფეა სინამდვილე; იცის, რომ ამ ხალხის სიხარულს საფრთხე ემუქრება, რადგან ჭირის ბაცილა არც კვდება და არც არასოდეს ქრება, რომ მას შეუძლია ათეულობით წელი ეძინოს ავეჯსა თუ თეთრეულში, მოთმინებით იცადოს და იქნებ ერთი დღეც დადგეს, როცა ადამიანთა საუბედუროდ თუ მათ ჭკუის სასწავლებლად შავმა ჭირმა კვლავ გამოაღვიძოს ვირთხები და სასიკვდილოდ გამოაგზავნოს ბედნიერ ქალაქში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG